„არასდროს მიფიქრია პირადი მიმოწერის გასაჯაროება. მაგრამ როდესაც ჩემი პირადი წერილები თავად ქალბატონმა ეკამ გაასაჯაროვა, ოღონდ არა სრული სახით, არამედ ჩვენი ოჯახის „მანიპულაციის“ მტკიცებულებად, დუმილი არ შეიძლება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული, ნია იმნაძის ნათესავი, ლუკას ნავროზაშვილი წერს.
საუბარია სოციალურ ქსელში მიმოწერის „სქრინზე“, რომელიც მან გიგა ავალიანის დედას მიწერა.
იმნაძის ნათესავი ამბობს, რომ მისი „გულწრფელი თანაგრძნობა ნია იმნაძისა და მათი ოჯახის წინააღმდეგ გამოიყენება“.
„არასდროს მიფიქრია პირადი მიმოწერის გასაჯაროება. მაგრამ როდესაც ჩემი პირადი წერილები თავად ქალბატონმა ეკამ გაასაჯაროვა – ოღონდ არა სრული სახით, არამედ ჩვენი ოჯახის „მანიპულაციის“ მტკიცებულებად – დუმილი არ შეიძლება. როდესაც გულიდან წამოსული, სრულიად გულწრფელი ემოციაც კი, რომელიც არაფერზე ყოფილა გათვლილი, გარდა მისდამი ადამიანური თანაგრძნობისა, რომელიც არ დამიწერია იმისთვის, რომ ოდესმე ვინმეს საჯაროდ ენახა – დღეს ნიასა და ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ გამოიყენება; და ამავდროულად საჯაროდ გვესმის, თითქოს ერთი „ვწუხვარ“-ც კი არავის გვითქვამს, მაშინ ადამიანებმა თავად ნახონ, რეალურად რა მივწერე ქალბატონ ეკას ჯერ კიდევ იანვარში. მე საქართველოში ბავშვობიდან აღარ ვცხოვრობ და იმ მომენტში წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა მოქმედებები მიმდინარეობდა ნიას სახლში. ჩემი სიტყვები იყო ერთი ადამიანის გულწრფელი თანაგრძნობა მეორე ადამიანის წარმოუდგენელი ტკივილის მიმართ — და მეტი არაფერი.
მე მივწერე: „ძალიან მეცოდებით , გული მეგლიჯება, რა გავაკეთო, რა შემიძლია, ნეტავ შემეძლოს რამე.“ და მის ქვეშ: „გამლანძღეთ თუ გინდათ, ყველაფერი დამიძახეთ, ყველაფერს გაპატიებთ, უბრალოდ ნუ მაიძულებთ, რომ ნია მკვლელად აღვიქვა. არავინ გებრძვით თქვენ.“ მაგრამ რატომღაც, როდესაც ჩემი პირადი მიმოწერა საზოგადოებას წარუდგინეს, სწორედ ეს მეორე შეტყობინება იქნა ამოჭრილი.
სწორედ ის სიტყვები გაქრა, რომლებიც ჯერ კიდევ იანვარში დავწერე: „არავინ გებრძვით თქვენ.“ ორივე სქრინშოთს ვდებ და ადამიანებმა თავად შეადარონ სრული მიმოწერა საჯაროდ გავრცელებულ ვერსიას და დასკვნებიც თავად გამოიტანონ.
ნია თვეების განმავლობაში საზოგადოებას წარუდგინეს როგორც „მკვლელი“, „დამკვეთი“, „ორგანიზატორი“. ფეხქვეშ გაითელა 16 წლის ბავშვის აბსოლუტურად ყველა უფლება და უმძიმესი, ათთვიანი საზოგადოებრივი კამპანიის შედეგად მის მიმართ წარმოუდგენელი სიძულვილი შეიქმნა. ამ ყველაფრის შემდეგ კი ახლა თითქოს მთელი ოჯახი „მანიპულატორები“ ვართ. როდესაც ჩემი სრულიად გულწრფელი ემოციაც კი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენება, ამოჭრილი ვერსიით. გიგას სიცოცხლე ფასდაუდებელი იყო. მისი სიკვდილი უდიდესი ტრაგედიაა და მისი ოჯახის ტკივილს ვერაფერი გააქრობს. არ ყოფილა დღე, გიგაზე არ მეფიქროს. როგორც პირველივე დღიდან გულწრფელად ვუთანაგრძნობდი ქალბატონ ეკას, ასევე ვუთანაგრძნობ დღესაც. მაგრამ ნია იმნაძის სიცოცხლეც ფასდაუდებელია – ისევე, როგორც ყველა ადამიანის.
ჩვენ არაფერს ვითხოვთ სიმართლის გარდა. არც იმას ვითხოვთ, რომ ვინმემ ბრმად დაიჯეროს რაიმე. სწორედ პირიქით:
ნუ დაუჯერებთ ბრმად ნურავის. ნახეთ ყველაფერი საკუთარი თვალით და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები. საზოგადოებას არ ეკუთვნის არც ჩვენი სასურველი სიმართლე და არც სხვისი სასურველი სიმართლე. რადგან სიმართლე არც ერთი ოჯახის საკუთრება არ არის. საზოგადოებას ეკუთვნის მხოლოდ მიუკერძოებელი და ჭეშმარიტი სიმართლე“, – წერს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ნათესავი, ლუკას ნავროზაშვილი.
გუშინვე, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ნათესავის, ლუკას ნავროზაშვილის, პოსტს გამოეხმაურა:
„ნია იმნაძის ალქაჯი დედის ძმამ თავად გააყალბა მიმოწერა, ჩაამატა ერთი „მესიჯი“, სადაც არც კი ჩანს წუხილი და გვედავება, ჩვენ ერთხელ შევწუხდითო და ეკა ამას არ ამბობსო. გიგა მოკლეს 1 ოქტომბერს და ამათ მესიჯობანა გაახსენდათ პოლიცია რომ ჩხრეკაზე შევიდა, იმ ღამეს! რომელი მესიჯის (შუა მესიჯის) გაყალბებასაც მედავებიან არ აწერია გამოგზავნის დრო და აწერია „Edited“. „ჩვენი პირადი მიმოწერა გამისაჯაროვა“-ო, რას წერს ეს გიჟი?! რა პირადი მაკავშირებს მე მასთან?! – წერს ეკა კუპატაძე.
გიგა ავალიანის დედა, ამავე საკითხზე ვიდეომიმართვაშიც საუბრობს:
„რის გაყალბებას ედავებიან ეკა კუპატაძეს? ხედავთ, რომ ამას აწერია „Edited“? ამის ჩამატებას ედავებიან და იქ ამბობს, რომ ჩვენ თურმე წუხილი არ გამოგვითქვამსო… თურმე მე ესენი თუ გავლანძღავ მაპატიებენ, შვილი მომიკლეს და თურმე მე თუ გავლანძღავ მაპატიებენ, ეს უგუნურები…“ – ამბობს მიმართვაში ეკა კუპატაძე და მიმოწერას ასაჯაროებს.
