ჩვენი საარჩევნო პროცესის დროს არავინ არ უნდა კვდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა, როდესაც ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალებას გამოეხმაურა.მარგველაშვილის თქმით, ის ადამიანი, რომელსაც ჩვენი შვილების აღზრდას ვანდობთ, არჩევნების დროს არ უნდა კვდებოდეს.
“იმ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებელი უნდა იყოს იმიტომ, რომ ახალი ხელისუფლების შექმნის პროცესთან არის დაკავშირებული – არჩევნებს – დაედო ძალიან მძიმე ტვირთი, მასწავლებელი ქალბატონის ია კერზაიას გარდაცვალებით. ჩვენი საარჩევნო პროცესის დროს არავინ არ უნდა კვდებოდეს. ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე სათაყვანებელი ადამიანი, ის ვისაც ვანდობთ ჩვენი შვილების აღზრდას, ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი თაობა იქნება თავისუფლების, პატრიოტიზმის, შემწყნარებლობის სულისკვეთებით, ეს ადამიანი არჩევნების დროს არ უნდა გარდაიცვალოს. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, რომ ერთი წამით არ ვიყოთ კმაყოფილი იმ დიდი მიღწევებით, რომელიც ამ დარბაზში შეკრებილმა ადამინებმა, ჩემმა პარტნიორებმა უზრუნველყვეს,”- განაცხადა მარგველაშვილმა.
9 დეკემბერს ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას სკოლის დირექტორზე ზეწოლად აფასებდა.
საპარლამენტო ოპოზიცია განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.