ლეგენდარული მოცეკვავის, ფრიდონ სულაბერიძის ვაჟი, ფრიდონ სულაბერიძე-უმცროსი ღირსეულად აგრძელებს მამის გზას. მოცეკვავე, რომელიც სცენას არ ტოვებს, მამის სახელის უკვდავსაყოფად დიდ ნაბიჯებს დგამს. უკვე მესამე წელია, რაც მამის სახელობის საცეკვაო აკადემიას უდგას სათავეში და ზრდის ახალ თაობას, რომელსაც ქართული ცეკვის სიყვარულს ისე ასწავლის, როგორც თავის დროზე მამამ მას ასწავლა.
ფრიდონ სულაბერიძე-უმცროსის ნებისმიერი გამოჩენა ტელეეკრანსა თუ სოციალურ ქსელებში მაყურებლის აჟიტირების საფუძველია და მის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ. საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ…

ფრიდონ სულაბერიძე-უმცროსი:
რასაკვირველია, როდესაც ვიდეო სოციალურ ქსელში „გავარდება“, მიხარია და მახარებს ის, რომ ქართველი ხალხი მოწყურებულია ქართულ ცეკვას. ზოგიერთი ხომ საქართველოში არ ცხოვრობს… მიუხედავად პრობლემებისა, ხალხი მაინც ცეკვავს, დაჰყავთ ბავშვები ცეკვაზე, უხარიათ, რომ ტრადიციები არ იკარგება. მეც ჩემი წვლილი შემაქვს ქართულ საცეკვაო ქორეოგრაფიაში და ვამაყობ იმით, თუკი ქართველ ხალხს ვასიამოვნებ. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, რომელიც ასეთი კომენტარებით მავსებს.
ამ ბოლო პერიოდში რომელმა კომენტარმა გაგახარათ ყველაზე მეტად?
ძირითადად, წერენ, რომ მამის გზას ვაგრძელებ, „კვიცი გვარზე ხტის“ – ძალიან ხშირად წამიკითხავს ეს ფრაზა.
ყოველთვის მამის გზას არ ან ვერ აგრძელებენ შვილები. როგორც ვიცი, ცეკვა გვიან დაიწყეთ…
დიახ, ასე მოხდა. 15 წლის ასაკში გადავდგი პირველი ნაბიჯები. მამაჩემს არ დაუძალებია, რომ მეცეკვა. თავად გადავწყვიტე, როცა სკოლას ვასრულებდი. შეიძლება ითქვას, მაინც დროულად დავიწყე, თორემ მერე შეიძლებოდა, უკვე დაგვიანებული ყოფილიყო. ჩემი პირველი პედაგოგი იყო დათუნიკა სხირტლაძე. მამაჩემმა გამაცნო ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი. აქედან დაიწყო ჩემი ურთიერთობა ქართულ ცეკვასთან.

თქვენი წვლილი შეგაქვთ იმაშიც, რომ ახალმა თაობამ ისწავლოს ქართული ცეკვა…
ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ მთელ საქართველოში გაკეთდეს ფრიდონ სულაბერიძის ცეკვის აკადემიის ფილიალები. ჩვენ თბილისში ამჟამად ხუთი ფილიალი გვაქვს. რა თქმა უნდა, თავიდანვე ამდენი ფილიალი არ იყო. დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ სხვადასხვა ადგილას გაგვეხსნა. მოთხოვნა არის. დღესაც გვაქვს მიღებები. ძირითადად, აკადემია ფუნქციონირებს ნუცუბიძის ქუჩაზე და ვარკეთილში, გვაქვს პატარ-პატარა სტუდიები. აღსანიშნავია, რომ ვაპირებთ ჩავატაროთ სოლოკონცერტი, ფრიდონის პატივსაცემად, მას 24 ოქტომბერს საიუბილეო თარიღი აქვს. დეტალებს სიურპრიზად დავტოვებ, საზოგადოებას მალე ვაცნობებთ ამის შესახებ.
რა ემოციებს უკავშირდება მამის საიუბილეო თარიღი?
ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ამ საქმეს, ახლა კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, რადგან სოლოკონცერტზე უნდა წარდგნენ ჩვენი აკადემიის მოსწავლეები. ისინი დღითიდღე ვითარდებიან და იზრდებიან. როდესაც ფრიდონ სულაბერიძის აკადემიაზე გვაქვს საუბარი, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მოსწავლეები იწვრთნებიან იმისთვის, რომ ჩვენს ანსამბლში იცეკვონ. სამი წელია, რაც ეს ანსამბლი არსებობს. თუკი აკადემიაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ მოხარული ვარ, რომ ეს შევძელი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ იდეის განხორციელებისას გვერდში დამიდგა.
ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რაც მამისგან ისწავლეთ?
როცა ცეკვას ვსწავლობდი და ვვარჯიშობდი, ჩემთვის ერთ-ერთი ამოცანა იყო, შემესრულებინა ქართული ცეკვა, რადგან მამა ასრულებდა მას შესანიშნავად, მას ცნობილ ფეხბურთელებს ადარებდნენ. მამა თავისი საქმის პელე და მარადონაა, აამაღლა დონე ქართულ ცეკვასა და ქორეოგრაფიაში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს ვასწავლი, მაინც აქტიურად ვცეკვავ… ყოველთვის მახსოვს მამის შენიშვნები, არაფერი გამოეპარებოდა, არ დაიმსახურებდი ქებას, რადგან სურდა, მეტი გაგეკეთებინა. გასმის დროს სულ შესწორებებს მიკეთებდა, მითითებებს მაძლევდა, როგორ უნდა დამეჭირა ტანი, სულ მარიგებდა, რომ მუდმივად უნდა მეშრომა და ფორმაში ვყოფილიყავი. ფრიდონთან ვერ დააგვიანებდი, ვარჯიშზე უარს ვერ იტყოდი… გეტყოდა, გამოდი დარბაზიდანო…

როდესაც ასეთი მამა გყავს, მასთან შედარების შიში არ არსებობს? ხომ არ გინანიათ 15 წლის ასაკიდან არჩეული პროფესია?
არა, რადგან თავად მოვინდომე, რომ მეცეკვა. მამასთან მეტი კავშირი მქონოდა. მიყვარდა და ვგიჟდებოდი ფეხბურთზე, ჩემთვის ყველაფერი იყო, სულ ვთამაშობდი და ბურთს ვაგორებდი, მაგრამ 90-იანებში დავიბადე და მაშინ სპორტი არ იყო იმ დონეზე, ხელოვნება და ცეკვა კი სულ მაღალ დონეზე იდგა. ქართული ცეკვა თუ კარგად იცის, ნებისმიერი მოცეკვავე ნებისმიერ სპორტს მოერგება. სხვათა შორის, ახალი აქტივობა გვაქვს აკადემიაში – პირველად ხდება საქართველოში, ბავშვებს, რომლებიც ფეხბურთზე დადიან, კვირაში ერთხელ ჩავუტაროთ ქართული ცეკვის გაკვეთილები. მე რომ ცეკვით დამეწყო, შეიძლება, დღეს წარმატებული ფეხბურთელი ვყოფილიყავი. დავასრულე ქორეოგრაფიული სასწავლებელი თეატრალურ უნივერსიტეტში. მივიღე სათანადო განათლება. დღეს ვარ ამ სფეროში დაკავებული. მახარებს და მაბედნიერებს, რომ ვარ ქართულ ქორეოგრაფიაში.
მეუღლისა და ოჯახის შესახებ მოგვიყევით… მასთანაც ცეკვამ დაგაკავშირათ და ახლაც ერთ საქმეს ემსახურებით…
მე და თათიას გვყავს 3 წლის პატარა ფრიდონი. უმცროსზე უმცროსი (იღიმის).
რატომ გინდოდათ, რომ იგივე სახელი დაგერქმიათ?
ეს ჩვენს ოჯახში ტრადიციად გადაიქცა. ბაბუას პატივსაცემად დავარქვით. თუ იცეკვებს, ესეც ძალიან გაგვიხარდება, თუმცა მაინცდამაინც ცეკვის გამო არ დაგვირქმევია.

თათიაზე მოგვიყევით…
თათიას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ბავშვობაში გვიყვარდა ერთმანეთი, შემდეგ გვქონდა პაუზა, რადგან ორივე საკუთარი კარიერით და საქმიანობით, სწავლა-განათლებით ვიყავით დაკავებული. დროთა განმავლობაში ძველი სიყვარული დაუბრუნდა თავის ადგილს. მე და თათია აკადემიაში ერთად ვასწავლით ცეკვას. მე ვარ აკადემიის დამფუძნებელი, თათია – ქორეოგრაფი. გოგონებს ასწავლის ქართულ ცეკვას. სხვათა შორის, ძალიან მოტივირებულია. უყვართ ბავშვებს. უხარია, როცა მოდის აკადემიაში, ავარჯიშებს ბავშვებს და თვითონაც ვარჯიშობს. ერთად ვაკეთებთ ქართულ საქმეს.
რა არის ის მთავარი მიზანი, რაც ახლა გაქვთ მიზნად დასახული, გარდა აკადემიის წარმატებისა?
ცეკვის სურვილი ავისრულე. მინდა, რომ ჩვენს საქმეში პერსპექტივა შევინარჩუნოთ. ჩვენი მთავარი ამოცანა ის არის, რომ ფრიდონ სულაბერიძის სახელობის აკადემიამ იარსებოს ხანგრძლივად. ახალი წამოწყებაა. კონკურენცია დიდია, მაგრამ ჩვენც გვაქვს საკუთარი თავის იმედი…
