LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არამი დო შარიქა“ – მეგრული სიმღერა ჰიპ-ჰოპის ელემენტებით – ალექსანდრე კორძაიას და „მარტოკაცის“ კოლაბორაცია: „იმდენად მომეწონა და იმდენად ჰგავდა ეს რეპს… ვიფიქრეთ, ამ ნაწარმოების სერიოზული ვერსია ჩაგვეწერა…“

315
კორძი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ალექსანდრე კორძაია, კორძი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „არამი დო შარიქა“ წარუდგინა.

ალექსანდრე, მოგვიყევი შენს ტურნეზე და დაგეგმილ კონცერტებზე.

ჯერ, ამერიკაში, ნიუ-იორკში მქონდა კონცერტი, შემდეგი იქნება ამსტერდამში, მერე, ბერლინში და ციურიხში.

ვისაუბროთ შენი და „მარტოკაცის“ კოლაბორაციაზე „არამი დო შარიქა“.

ეს კოლაბორაცია ძალიან შემთხვევით დაიწყო. ამ წლის აპრილში, სოციალურ მედიაში აღმოვაჩინე „მარტოკაცი“, დამიანე გორდელაძე, ძალიან მაგარი მუსიკოსი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ საზღვარგარეთაც და აქაც გაიცნონ ხალხური მუსიკა. გავიცანი ვიდეოთი, სადაც ამბობს, სამეგრელოს ხალხურ მუსიკაზე, რომელშიც ჰოპ-ჰოპი გამოიგონეს, ანუ რომ ქართველებმა გამოვიგონეთ ჰიპ-ჰოპი და აკეთებს ამ სიმღერის „არამი დო შარიქას“ ვერსიას თვითონ, რეპავს ფაქტობრივად. მე იმდენად მომეწონა და იმდენად ჰგავდა ეს რეპს, რომ ვიფიქრე, დავადებ რაღაც ჰიპ-ჰოპურ მუსიკას, რომელიც ბოლომდე ჰიპ-ჰოპს გახდის-მეთქი. ხუმრობით გავაკეთე, დავდე ონლაინ, დავთაგე, რომ დამიანეს, „მარტოკაცს“ არ ვიცნობ, მაგრამ ვიდეო შემხვდა და ძალიან მომეწონა…

ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამას.

მერე, ამ ვიდეოდან გამომდინარე დამიანეც გავიცანი, შევხვდით და ვიფიქრეთ, ამ ნაწარმოების სერიოზული ვერსია ჩაგვეწერა, ჩემს სტუდიაში, თავისი ფანდურებით, თავისი მრავალხმოვანი რაღაცებით.

ამ ნაწარმოების ორიგინალური ჩანაწერი არის პოლიკარპე ხუბულავასი, სადაც „არამი დო შარიქას“ მღერიან და ამის უკან არის ძაღლის ხმები. საკმაოდ საოცარია, რომ 70-იანებში ასე მღეროდნენ და უკან ძაღლის ხმებს უშვებდნენ ადამიანები. ეს ძალიან მოგვეწონა და ვიფიქრეთ, რომ ჩვენს ვერსიაშიც უნდა ჩაგვეწერა ეს ძაღლის ხმები. საათ ნახევარი ვიწერდით ძაღლის ხმებს მე და დამიანე.

სიმღერა სოციალურ ქსელში უკვე აიტვირთა, როგორი შეფასება მოჰყვა მას?

გამოხმაურება ძალიან პოზიტიური არის, არავინ არაფერ ცუდს არ წერს…

ძალიან მხიარული ტრეკია.

სხვათა შორის, ახლა, ნიუ-იორკში კონცერტზე დავუკარი ეს ნაწარმოები და ძალიან კარგი მომენტი იყო. ბევრი ქართველი იყო ამ კონცერტზე და ყველა ერთად „არამი დო შარიქას“ მღეროდა.

საქართველოშიც ხომ არ იგეგმება კონცერტი?

საქართველოშიც იგეგმება და „მარტოკაცთან“ ერთადაც შევასრულებ ლაივზე ამ ნაწარმოებს.

კორძი & მარტოკაცი – არამი დო შარიქა

გადაცემის აუდიოჩანაწერი