LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინოზავრი “ჯოდის” ჩონჩხი აუქციონზე 47,3 მილიონ დოლარად გაიყიდა

160
ქირიას NEWS შაბლონი (2)

ნიუ-იორკში, RM Sotheby’s აუქციონზე ნანოტირანოზავრის იშვიათი ჩონჩხი, სახელად „ჯოდი“ 47,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ნამარხის ღირებულება თავდაპირველად 6-9 მილიონი დოლარი იყო, თუმცა ვაჭრობის დროს ფასმა მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება. 

აუქციონი დაახლოებით 12 წუთს გაგრძელდა. ჩონჩხის შესაძენად ექვსი პრეტენდენტი იბრძოდა, მათ შორის ონლაინ და სატელეფონო მონაწილეები. საბოლოოდ, ნამარხი ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.

„ჯოდი“ დაახლოებით 6 მეტრი სიგრძისა და 2,9 მეტრი სიმაღლისაა. ის 191 გაქვავებული ძვლის ელემენტისგან შედგება და თავის ქალა თითქმის სრულად არის შენარჩუნებული. სპეციალისტების შეფასებით, ჩონჩხი დაახლოებით 67 მილიონი წლისაა და ცარცული პერიოდის მიწურულს მცხოვრებ მტაცებელს ეკუთვნის.

ნამარხი 2019 წელს მონტანას შტატში, კერძო მიწაზე, ფერმერმა ჯოდი პირსონმა აღმოაჩინა. სწორედ მისი სახელის მიხედვით ეწოდა ჩონჩხს „ჯოდი“. გათხრებისა და ნამარხის ამოღების სამუშაოებს პალეონტოლოგი კლეიტონ ფიპსი ხელმძღვანელობდა.

ნანოტირანოზავრი ტირანოზავრ რექსის შედარებით მცირე ზომის ნათესავია. ის ზრდასრული ტირანოზავრ რექსის სიგრძის დაახლოებით ნახევარს აღწევდა. მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში კამათობდნენ, წარმოადგენდა თუ არა ნანოტირანოზავრი დამოუკიდებელ სახეობას, თუ ის ახალგაზრდა ტირანოზავრი რექსი იყო. 2025 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ მხარი დაუჭირა მოსაზრებას, რომ ნანოტირანოზავრი დამოუკიდებელი გვარის დინოზავრი იყო. მას ტირანოზავრ რექსისგან განსხვავებული, შედარებით გრძელი წინა კიდურები, დიდი ბრჭყალები და უფრო წვრილი კბილები ჰქონდა. 

„ჯოდის“ გაყიდვამ დინოზავრების ნამარხების ბაზარზე რეკორდულად მაღალი ფასების ტენდენცია კიდევ ერთხელ გამოკვეთა. ის აუქციონზე გაყიდულ დინოზავრის ნამარხებს შორის მეორე ყველაზე ძვირად ღირებული გახდა. პირველ ადგილს კვლავ ტირანოზავრ რექსის ჩონჩხი „გასი“ იკავებს, რომელიც 2026 წლის ზაფხულში 50,1 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ამასთან, მნიშვნელოვანი ნამარხების კერძო კოლექციებში მოხვედრას მეცნიერების ნაწილი აკრიტიკებს. პალეონტოლოგების შეშფოთებით, ასეთმა ვაჭრობამ შესაძლოა მკვლევრებს უნიკალურ ნიმუშებზე წვდომა შეუზღუდოს და საზოგადოებას მუზეუმებში მათი ნახვის შესაძლებლობა წაართვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები