LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის 22 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც მილანში ჩვენებაზე საკუთარი დიზაინით შექმნილი სამოსი წარადგინა: „არ მინდა, ქართული მოდა მხოლოდ ტრადიციულ სამოსთან ასოცირდებოდეს“

2747
page

22 წლის ქართველი დიზაინერი, ლალო ფრუიძე, ამჟამად იტალიაში ცხოვრობს. მოდის დიზაინის მიმართულებით Istituto di Moda Burgo-ში დაასრულა სწავლა, ახლახან კი მილანში გამართულ ჩვენებაზე საკუთარი დიზაინით შექმნილი და მისივე ხელით შეკერილი სამოსი წარადგინა. ლალო იტალიაში ცხოვრებასა და შემოქმედებით საქმიანობაზე fortuna.ge-ს ესაუბრა.

ლალო, მოგვიყევით, როგორ დაინტერესდით მოდით და როგორ ჩააბარეთ იტალიაში, ერთ-ერთ სასწავლებელში?

მოდა ბავშვობიდან ჩემი გატაცება იყო. პატარა ასაკიდან ვჭრიდი ქსოვილებს, ვაერთებდი ერთმანეთთან და ვცდილობდი, შემექმნა ისეთი რამ, რაც მანამდე არ არსებობდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს სფერო ჩემი მომავალი იქნებოდა. თავდაპირველად საქართველოში სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, თუმცა იტალიაში სწავლის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ პირველი სემესტრიც არ დამისრულებია — გადავწყვიტე, ოცნებისთვის დრო აღარ დამეკარგა და იტალიაში წამოვედი. ჩავირიცხე Istituto di Moda Burgo-ში, პიზაში. იტალიური საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ ამაზე არც მიფიქრია. სწავლის პარალელურად მუშაობაც დავიწყე და ენა მალევე ვისწავლე. ვფიქრობ, როცა რაღაც ნამდვილად გინდა, დაბრკოლებები მიზეზად კი არა, გამოწვევად უნდა მიიღო.

როგორი გამოცდილება იყო იქ სწავლა?

იტალიაში სწავლა ჩემთვის მხოლოდ პროფესიული განათლება არ ყოფილა – ეს იყო საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა. სამი წლის განმავლობაში ვისწავლე, როგორ ვაქციო იდეა რეალურ სამოსად: ესკიზიდან კონსტრუირებამდე, თარგიდან საბოლოო ნამუშევრამდე. სწავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მილანში, Istituto di Moda Burgo-ში ჩემი სადიპლომო ნამუშევრის დაცვა იყო. ამისთვის შევქმენი 20 ლუქისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით პირად და მნიშვნელოვან თემას – რწმენას, რელიგიასა და ადამიანის სულიერ სამყაროს – ეძღვნებოდა. ჩემმა კოლექციამ და შეკერილმა სამოსმა დიდი მოწონება დაიმსახურა. დიპლომის დაცვა მაქსიმალური შეფასებით – 30/30 დავასრულე. ჩემთვის ეს მხოლოდ კარგი ნიშანი არ იყო, არამედ იმის დასტური, რომ შემეძლო რთული იდეის ბოლომდე მიყვანა და მისი სამოსით გადმოცემა.

მილანში ჩვენებაზე როგორ მოხვდით და როგორი გამოხმაურება ჰქონდა თქვენი დიზაინით შექმნილი სამოსის წარდგენას?

ჯერ კიდევ მეორე კურსზე მქონდა შესაძლებლობა, Istituto di Moda Burgo-ს მიერ ორგანიზებულ მილანის ჩვენებაზე საკუთარი ნამუშევარი წარმედგინა. შევქმენი დიზაინი, რომელშიც 1940-იანი წლების მილიტარისტული სტილი ქალურ ესთეტიკას შევუხამე. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სამოსი წინიდან კაბას ჰგავდა, სინამდვილეში კი კომბინეზონი იყო – უკნიდან შარვლის ფორმით. მინდოდა, სიმკაცრე და ქალურობა ერთ სამოსში გამეერთიანებინა. ნამუშევარმა დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის დანახვა, რომ იდეა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში არსებობდა, მილანის პოდიუმზე რეალობად იქცა.

რა არის თქვენი მთავარი ინსპირაცია, როცა სამოსზე მუშაობთ?

ჩემთვის ინსპირაცია შეიძლება იყოს ისტორია, არქიტექტურა, ხელოვნება, რელიგია ან თუნდაც ერთი ფრაზა, რომელიც დიდხანს არ გასვენებს. სწორედ ასე დაიბადა ჩემი სადიპლომო კოლექციის იდეაც. მისი მთავარი გზავნილი იყო: „ღმერთი ყველგან არის, სადაც არ უნდა იყო“ და „ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უხილავს და სწამთ“. ვფიქრობ, ჩვენს თაობაში რწმენასთან კავშირი ბევრისთვის შესუსტებულია. არ მინდოდა, შემექმნა უბრალოდ რელიგიური თემატიკის სამოსი. მინდოდა, ეს რთული და პირადი თემა მოდის ენაზე გადმომეცა ისე, რომ კოლექციას დაეინტერესებინა როგორც მორწმუნე, ისე ურწმუნო ადამიანი. ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის საკუთარი შეხედულებების თავს მოხვევა. პირიქით, მინდოდა, ადამიანს სამოსის დანახვისას კითხვები გასჩენოდა, დაფიქრებულიყო და შესაძლოა, იმ თემით დაინტერესებულიყო, რომელზეც მანამდე არასდროს უფიქრია. ჩემთვის ეს არის დიზაინი – როდესაც სამოსით მხოლოდ სხეულს კი არა, აზრსაც გამოხატავ.

დაგვისახელეთ თქვენი ფავორიტი ქართველი და უცხოელი დიზაინერები?

ქართველი დიზაინერებიდან გამოვარჩევდი გიორგი ქებურიას (George Keburia), ხოლო საერთაშორისო დიზაინერებიდან — მაისონ სკიაპარელის (Maison Schiaparelli). სკიაპარელი განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის, რადგან მისთვის მოდა მხოლოდ ტანსაცმელი არასდროს ყოფილა – ის ხელოვნების, წარმოსახვისა და ექსპერიმენტის ფორმაც იყო. მომწონს დიზაინერები, რომლებიც საზღვრებს არ ცნობენ და საკუთარ ხედვას არ ღალატობენ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი ხელწერის შექმნაა. არ მინდა, ვინმეს ვგავდე – მინდა, ერთ დღეს ჩემი ნამუშევრებიც ამოსაცნობი იყოს.

რაიმე საინტერესო შემოთავაზებები ხომ არ გაქვთ მილანის მოდის კვირეულის შემდეგ?

მილანის პოდიუმი ჩემთვის მხოლოდ დასაწყისი იყო. ამ ეტაპზე მიწვეული ვარ მილანში დაგეგმილ სხვა ჩვენებებზეც და ველოდები ახალ შესაძლებლობებს.

რა გეგმები გაქვთ, როგორც დიზაინერს?

ჩემი მთავარი მიზანი საკუთარი ბრენდის შექმნაა. მინდა, ქართული კულტურა და იდენტობა თანამედროვე მოდის ენაზე გადმოვცე და საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნო. არ მინდა, ქართული მოდა მხოლოდ ტრადიციულ სამოსთან ასოცირდებოდეს. მინდა, ქართული ისტორია, ორნამენტები, არქიტექტურა და ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა თანამედროვე დიზაინის ნაწილად ვაქციო. მინდა, ერთ დღეს საკუთარი კოლექცია საერთაშორისო პოდიუმზე წარვადგინო და მაყურებელმა გაიგოს, რომ ამ ნამუშევრების უკან საქართველოა. ჩემი ოცნებაა, საქართველოში დავბრუნდე, საკუთარი ბრენდი შევქმნა და ისეთი ქართული მოდის მიმართულება განვავითარო, რომელიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს. არ მინდა, უბრალოდ ქართული ტანსაცმელი შევქმნა – მინდა, ქართული იდენტობა მსოფლიომ ჩემი სამოსით გაიცნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები