LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაზე: „მიზანია, ბიძინა ივანიშვილისთვის ზიანის მიყენებას შეეცადონ, რადგან სხვანაირად ვერ აიძულებენ, რომ საქართველოსათვის არასასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს“

138
შალვა პაპუაშვილი

„მათი მიზანია, რომ ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა მხრიდან შემოუარონ და ზიანის მიყენებას შეეცადონ, რადგან სხვანაირად ვერ აიძულებენ, რომ საქართველოსათვის არასასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გამოქვეყნებულ, „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიას, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია შეყვანილი.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ასეთ ორგანიზაციებს სანდოობა აღარ აქვთ და ისინი [ორგანიზაციები] იმისთვის არის შექმნილი, რომ სახელმწიფოების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენები მოახდინონ.

„ასეთ ორგანიზაციებს სანდოობა რომ აღარ აქვთ, უკვე ვხვდებით. აშშ-ს ადმინისტრაციას ვუსმინეთ, Amnesty International-ს და ვენეციის კომისიაზე, რომელიც მათ დატოვეს, რას საუბრობდნენ. ეს ორგანიზაციები იმისთვის არიან შექმნილები, რომ სახელმწიფოების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენები მოახდინონ და სხვადასხვა ყალბი ანგარიშებით საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ. ეს ამ ორგანიზაციების მთელი ქსელია, რომელზეც კარგია, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ღიად საუბრობს. აქამდე აშშ-ს ადმინისტრაცია მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე საუბრობდა, მაგალითად USAID-ზე, რომელიც თაღლითობასა და სხვა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლაში ამხილეს. ახლა კი საუბრობენ საერთაშორისო მოქმედ ორგანიზაციებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამ ქსელის მხილების ახალი ტალღა იქნება. იმ ქსელის, რომლის ერთადერთი მიზანი სხვადასხვა სახელმწიფოების დაქვემდებარებაა მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მათი მიზანია, რომ ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა მხრიდან შემოუარონ და ზიანის მიყენებას შეეცადონ, რადგან სხვანაირად ვერ აიძულებენ, რომ საქართველოსათვის არასასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს. ცდილობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში თავს სასაცილოდ იხდიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა 2026 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სია, რომელშიც ასევე შეყვანილია ბიძინა ივანიშვილი. ანგარიშის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი იმ პირებისა და ორგანიზაციების სიაშია, რომლებიც მედიაზე გავლენას ეკონომიკურად ახდენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები