LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმხელა პროექტი გვაქვს გასაკეთებელი… ზუსტად ვიცი, რომ განვახორციელებთ…“ – ლოლა წერეთელი და ქეთი ხუციშვილი სამომავლო გეგმებით და სიმღერების პრემიერებით „არ დაიდარდოში“

317
ლოლა-წერეთელი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მომღერალი ლოლა წერეთელი და კომპოზიტორ-შემსრულებელი ქეთი ხუციშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „თბილისელი გოგონები“, „მიყვარხარ ჩემთვის“ და „შენი მეგობარი ვარ“ პრემიერა შედგა. სტუმრებმა თავიანთ მეგობრობაზე, შემოქმედებით თანამშრომლობაზე, ახალ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ლოლა, ჩვენი ბოლო შეხვედრისას ოპერაციისთვის ემზადებოდით. როგორ ჩაიარა ამ პერიოდმა?

ლოლა: ოქტომბერში ერთი წელი გახდა, რაც ოპერაცია გავიკეთე.

მთავარი არის, რომ არაფერი არ შეიცვალა, უბრალოდ, ცოტა გაახალგაზრდავდა კანი.

ყველაზე საინტერესო იცით რა არის?! ოპერაციის დღეს ფოტო გადამიღეს და ერთი თვის შემდეგ ფოტოები ერთმანეთს შევადარე და ახლობლებს ვაჩვენე: ნახეთ, რა ვიყავი-მეთქი. მეუბნებოდნენ, კარგი რა, არ გვახსოვს ჩვენ ასეთი სახეო. როგორ არ გახსოვთ…

მოგვიყევით „თბილისელი გოგონების“ შესახებ. როგორ გაჩნდა ამ ნამუშევრის იდეა?

ლოლა: ეს ქეთის იდეა იყო.

ქეთი: სიმღერა დაიწერა, მაგრამ ორი წელი იდო…

ლოლა: ერთხელ ჩავწერეთ და არ მოგვეწონა, მეორედ ხმებში რაღაცები გადავანაწილეთ. მერე, მე ამერიკაში წავედი, ჩამოვედი და ქობულეთში წავედი…

ქეთი: მე საქართველოში ჩავწერე, ლოლამ კი მოსკოვში და რაღაც ვერ დაჯდა ბალანსი.  სხვადასხვა სტუდიაში ჩანაწერს მაინც განსხვავებული ეფექტი აქვს და ვერ გავათანაბრეთ. ამ დროს, სიმღერის პროცესში იმდენად ჰგავს ჩემი და ლოლას ხმები ერთმანეთს, რომ ზაზა გოჩიტაშვილი როცა ასწორებს, ვეღარ იგებს ხოლმე, რომელ ხმას ასწორებს.

ახლა თავიდან ჩაიწერა?

ქეთი: არა, უბრალოდ, რაღაცები გავასწორეთ.

ეს ჩვენი სიმღერა არ არის ქავერია, უბრალოდ, პროექტიც შევასხვანაირეთ, მუსიკაც… კოპირება არ მოხდა.

სიმღერის ტექსტი მე მეკუთვნის.

ლოლა, ვისაუბროთ თქვენს სოლო სიმღერაზე „მიყვარხარ ჩემთვის“. რაზეა ეს ნამუშევარი?

ლოლა: სიცოცხლეზეა, ჩვენს ცხოვრებაზე. რომ მე ვიღვიძებ შენთვის, შენ იღვიძებ ჩემთვის… ძალიან მაგარი სიმღერაა…

ამდენი სიმღერა სიყვარულზე… დავიღალეთ.

ახლა, ისეთი სიმღერები დაწერა ქეთიმ, რომ სხვადასხვა აზრია.

ქეთი: მთლად ასეც არ არის, უბრალოდ, ბევრი გვაქვს უკვე…

სიყვარული კარგია, მაგრამ მხოლოდ სამიჯნურო სიყვარულისთვის ხომ არ ვართ?! როდესაც თენდება მიხარია, რომ ლოლას, მეგობრებს ვნახავ… თემატურად მინდოდა ყოფილიყო იმაზე, რამდენად კარგია სიცოცხლე,

ხშირად, ასეთ სიმღერაზე ადამიანები ამბობენ, ალბათ, შეყვარებულია, ნახე, როგორი სიმღერა იმღერაო…

მსმენელი მიეჩვია, რომ სულ სამიჯნურო სიყვარულზე იწერება…

ამ პერიოდში კიდევ რა სიახლეებზე მუშაობთ?

ქეთი: ბოლო პერიოდში შვიდი სიმღერა გავაკეთეთ მე და ლოლამ. ეს ძალიან სწრაფად გაკეთდა. დილით რაღაცას ვწერდი, საღამოს ისევ რაღაცას დავწერდი და ვუგზავნიდი. ლოლა უკვე მიდის და ვჩქარობთ, რომ რაღაცები ჩავწეროთ.

ლოლა რომ ჩამოვა, იმხელა პროექტი გვაქვს გასაკეთებელი, უბრალოდ, არ გვინდა ამაზე წინასწარ საუბარი. ზუსტად ვიცი, რომ განვახორციელებთ… მე და ლოლას ტანდემი არის დაურღვეველი, ეს ყველაფერი მოდის იმ ურთიერთპატივისცემიდან და სიყვარულიდან, რომელიც ერთმანეთის მიმართ გვაქვს.

მთელი ცხოვრება ლოლას მადლიერი ვიქნები, რადგან ამ ქალმა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი შეუძლებელი შეძლო. არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში – ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დატოვა კეთილი კვალი. ვინ ვერ დაინახა, ეს მისი პრობლემაა… ადამიანებს რომ კარგისკენ უბიძგებ, მერე, გეჯიბრებიან, იმას კი ვერ აღიქვამენ, რომ შენ საწყისი იყავი, მისთვის კარგი გინდოდა… გეჯიბრებიან და უნდათ, რომ შენს წინ წავიდნენ… წავიდნენ არაა პრობლემა, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთონ, რომ სხვას არ გადაუარონ.

ლოლა: ახალგაზრდები არიან და იმიტომ, ყველაფერი ხდება…

ლოლა, ამერიკაში გამგზავრებასა და სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ.

ლოლა: ნოემბერში ნიუ-იორკში მივფრინავ. იქაც ძალიან დიდი გეგმები მაქვს.

ორ წელიწადში იქნება 35 წელი, რაც სცენაზე ვდგავარ და მაქვს გეგმა, აუცილებლად უნდა იყოს კონცერტი.

კონცერტზე იქნება აუცილებლად ყველა, ვინც ჩემთან ერთად იმღერა. საქართველოს ვარსკვლავებთან ერთადაც მინდა შესრულება. აუცილებლად უნდა იყოს ორკესტრი და სიმღერები ცოცხლად შესრულდეს.

ვისაუბროთ ნამუშევარზე „შენი მეგობარი ვარ“, რომელიც სოსო პავლიაშვილის სიმღერის ქართული ვერსიაა. როგორ მიიღეთ მისი შესრულების თანხმობა?

ლოლა: ეს სიმღერა რომ გამოვიდა, ძალიან მომეწონა. ჩემს მეგობარ მაკას, სოსოს დას, დავურეკე და ვუთხარი, მაკა, მე უბრალოდ აღარ ვიმღერებ, სოსო ამ სიმღერის არანჟირებას თუ არ მომცემს-მეთქი.

მაკამ ხმოვანი შეტყობინება გამოგვიგზავნა, სოსომ თქვა, ლოლამ, რაც უნდა, ის გააკეთოსო.

შემდეგ, სოსოს გავუგზავნე და სოსომ თქვა, მე კი არ დავწერე ეს სიმღერა, მაგათმა დაწერესო… ძალიან მოეწონა.

ლოლა & ქეთი ხუციშვილი – თბილისელი გოგონები

ლოლა – მიყვარხარ ჩემთვის

 ლოლა & ქეთი ხუციშვილი – შენი მეგობარი ვარ

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ლოლა & ქეთი ხუციშვილი – თბილისი. Live

ლოლა & ქეთი ხუციშვილი. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები