LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NBC News-ის პროგნოზი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დემოკრატიული პარტია მოიპოვებს

181
არჩევნები აშშ-ში

NBC News-ის ანალიზის თანახმად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს დემოკრატიული პარტია დაიბრუნებს. წინასწარი შეფასებით, დემოკრატებმა შესაძლოა ბოლო თითქმის 20 წლის განმავლობაში ყველაზე მყარი უმრავლესობა მოიპოვონ, რაც სერიოზულად შეზღუდავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საკანონმდებლო შესაძლებლობებს მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორ წელიწადში.

NBC News-ის პროგნოზით, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში დაახლოებით 244 მანდატის მოპოვებას შეძლებენ. აღნიშნული მაჩვენებელი საბოლოო შედეგების შეჯამებისა და ხმების სრული დათვლის შემდეგ შესაძლოა მცირედით შეიცვალოს.

ბოლო მონაცემებით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა რამდენიმე გადამწყვეტ და საკვანძო საარჩევნო ოლქში მიაღწიეს წარმატებას. ტელეკომპანიის საპროგნოზო მოდელის მიხედვით, დემოკრატები იმარჯვებენ ნიუ-ჯერსისა და ჩრდილოეთ კაროლინის ოლქებში. გარდა ამისა, პენსილვანიაში დემოკრატი პეიჯ კოგნეტი, ხოლო კოლორადოში მენი რუტინელი ლიდერობენ და, სავარაუდოდ, გამარჯვებას გაიფორმებენ.

ამასთან, ამომრჩეველთა ხმების დათვლის პარალელურად, დემოკრატები პოზიციებს სენატშიც იმყარებენ.

ცნობისთვის,  მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა „ენბისი ნიუსის“ პროგნოზი, რომლის თანახმადაც, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს დემოკრატიული პარტია მოიპოვებს და დაახლოებით 244 მანდატს მიიღებს, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა რომ წარედგინა, შედეგი განსხვავებული იქნებოდა.

„მე საარჩევნო ბიულეტენზე არ ვიყავი და რომ ვყოფილიყავი, გამანადგურებელი უპირატესობით გავიმარჯვებდით! გმადლობთ ყურადღებისთვის ამ საკითხის მიმართ“, – წერს დონალდ ტრამპი.