ჰოლივუდის მსახიობ კოლინ ფარელსა და მის 23 წლის ვაჟს, ჯეიმსს, განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. მსახიობის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც მის შვილს, სულ რაღაც ორი წლის ასაკში, იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, „ანგელმანის სინდრომი“ დაუდგინდა. ამის შესახებ dailymail წერს და ფოტოებსა და ვიდეოს ავრცელებს.
წარსულში კოლინ ფარელი სკანდალური ცხოვრების წესით, წვეულებებითა და ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით იყო ცნობილი. თუმცა შვილის დიაგნოზმა მსახიობს საკუთარი ცხოვრების გადაფასება აიძულა. იმის გააზრებამ, რომ ჯეიმსს მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებული ზრუნვა და მუდმივი მეთვალყურეობა დასჭირდებოდა, ფარელს დამოკიდებულებებთან ბრძოლისა და ცხოვრების წესის შეცვლისკენ უბიძგა.
მსახიობი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ სწორედ შვილმა გადაარჩინა მისი სიცოცხლე და მამობა თავის უდიდეს მიღწევად მიაჩნია.
„ერთ-ერთი რამ, რაც ჯეიმსმა მასწავლა, საკუთარ თავში სიცოცხლის სურვილის აღმოჩენა იყო. თავდაპირველად ეს იმაზე ფიქრით დაიწყო, რომ მინდოდა მეცოცხლა და მის გვერდით ვყოფილიყავი.
მახსოვს, როგორ დავრბოდი საავადმყოფოს დერეფნებში, ხელში აყვანილი ჯეიმსით, როდესაც მას კრუნჩხვა ჰქონდა. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად არსებობს კიდევ უფრო ძლიერი სიყვარული და პატივისცემა. ჯეიმსმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ სასმელზე უარი ვთქვი“, – ამბობს მსახიობი.
50 წლის კოლინ ფარელს ჯეიმსი ყოფილ პარტნიორთან, კიმ ბორდენავთან ჰყავს, ხოლო უმცროსი ვაჟი, 17 წლის ჰენრი, ალისია ბაჩლედა-კურუსთან.
ჯეიმსი 2003 წელს დაიბადა. 2006 წელს, ფილმ „მაიამის პოლიციის“ გადაღებების დასრულების შემდეგ, კოლინი სარეაბილიტაციო ცენტრში საკუთარი ნებით გაემგზავრა და დამოკიდებულებების დაძლევა გადაწყვიტა.
ცოტა ხნის წინ ჯეიმსი მამის გვერდით გამოჩნდა დოკუმენტური ფილმის, The Slightest Touch-ის ტრეილერში, რამაც საზოგადოებაში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
კოლინ ფარელი ხშირად საუბრობს იმაზე, თუ რამდენად შეცვალეს მისი ცხოვრება შვილებმა.
„ჯეიმსი წარმოუდგენლად ძლიერი, მამაცი და მიზანდასახულია. ის ძალიან ბევრს შრომობს იმისთვის, რომ ფიზიკურ შესაძლებლობებს მიაღწიოს, რასაც უმეტესობა ჩვენგანი ორი ან სამი წლის ასაკში ბუნებრივად ითვისებს. ის საოცრად საყვარელი ბიჭია. ძალიან მხიარულია, ცელქი და ენერგიული. მისი ღიმილი მთელ მანჰეტენს გაანათებდა. მას ულამაზესი სული აქვს და მასთან დროის გატარება უდიდესი სიამოვნებაა“, – ამბობს მსახიობი.
