პლასტიკურმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმშოუში“ გასახდომი ინექციების გამოყენებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეპარატს თავისი მიჩვევითი დოზა და მკაცრი სქემა აქვს. ექიმის თქმით, მისმა პირადმა გამოცდილებამ და სწორმა მიდგომამ მას 10 კილოგრამის დაკლებაში შეუწყო ხელი.
ციცინო შურღაია:
„პრეპარატს აქვს თავისი მიღების წესი და თავისი სქემა, რომელსაც გვთავაზობს ფირმა, რომელმაც ეს პრეპარატი შემოგვთავაზა, ხომ? პირველი არის მიჩვევითი დოზა, ძალიან პატარა – ორნახევარი, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანი, ვთქვათ, გახდეს ისე ცუდად, რომ საერთოდ… და აი, ამ ჯერ ეჩვევი ამ პრეპარატს. გენიალურად არის გაკეთებული ეს სქემა, შედგენილი. და მერე უკვე შეიძლება საერთოდ არ დაგჭირდეს დოზის გაზრდა, იმიტომ, რომ პატარა დოზებშიც დაიკლო. შეიძლება დაგჭირდეს, მაგრამ იქამდე არ უნდა მიიყვანო თავი, რომ ცუდად გახდე. უნდა ვაკონტროლო ყველაფერი და თუ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ეს ხდება, არანაირი გართულება არ უნდა მოყვეს ამ პრეპარატის მიღებას.“
წამყვანი: „სხვა რომ წავიკითხე, რომ თქვენ ხართ ამ გასახდომი ინექციების მომხმარებელი, გამიკვირდა, იმიტომ, რომ რაღაცა ჭარბი წონითაც არ მახსოვხართ დიდად. რამ გადაგაწყვეტინათ, თქვენ, ექიმს, რომ პირდაპირ მიგემართათ ამ პრეპარატებისთვის?“
ციცინო შურღაია:
„მე არასოდეს არ ვყოფილვარ მსუქანი, სწორია. მაგრამ გააჩნია, ვისთვის რა არის სიმსუქნე და ვისთვის რა არის სიგამხდრე. მე ისეთი აგებულება მაქვს, ძვლები ძალიან ცოტა, ანუ ძალიან წვრილი, რომ ჩემთვის 70 კილოგრამი არის ალბათ მეორე ხარისხის სიმსუქნე. მე მეტი არასდროს არ ვყოფილვარ – 72, ესე, სამშობიაროდ რომ წავედი, 78 და ვსო. მე არასდროს არ ვყოფილვარ აი, ასეთი მსუქანი. 70 კილოგრამზე მქონდა ღვიძლის მთლიანად გაცხიმოვნება და იყო საშიშროება, რომ ღვიძლის ფუნქციები მომეშლებოდა, ეს ერთი. მერე მეორე ყველა პროფესიას თავისი სპეციფიკა აქვს, მე როცა მსუქანი ვარ, საოპერაციო მაგიდას უბრალოდ ვერ მივწვდები, ვერ ვიმოძრავებ. და რაც შეეხება პრეპარატს კარგია თუ არა, გააჩნია, ვის ხელშია ეს პრეპარატი. მე თან მომხმარებელი ვარ, მაგრამ დიდი დოზებით მე ამ პრეპარატს არ ვხმარობ, სულ დავიკელი 10 კილოგრამი, მეტი არც მჭირდებოდა ახლა 60 კილოგრამი ვარ და გენიალურად ვგრძნობ თავს. საქმე იმაშია, თუ ვის ხელში მოხვდება ეს პრეპარატი, თან ექიმი რომ ხარ, შენთვის უფრო ადვილია…“
