LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“ – გარდაიცვალა ლეგენდარული კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი

3950
ნუნუ დუღაშვილი

ქართული მუსიკალური ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელი, ლეგენდარული კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან საზოგადოებას მრავალი კოლორიტული და ხალხისთვის საყვარელი სიმღერა დაუტოვა, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს „კახეთო, ჩემო კახეთო“.

კომპოზიტორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მომღერალი აჩიკო ბერიძე გამოეხმაურა და ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა:

„არც კი ვიცი, რა დავწერო… სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღაშვილის ხსოვნაც იცოცხლებს. დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“, – წერს აჩიკო ბერიძე.

„დღეს ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის დაბადების დღეა… არასოდეს არ დამავიწყდება პირველი სტუმრობა, როდესაც „კახეთო”-ს ნებართვისთვის ვესტუმრე და ვთხოვე…“ – რა ისტორიას იხსენებს და როგორ ულოცავს აჩიკო ბერიძე იუბილეს კომპოზიტორს

ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება ქართული ესტრადისა და ხალხური სულისკვეთების განუყოფელ ნაწილად იქცა, ხოლო მისი შექმნილი კომპოზიციები თაობებს შემორჩება.

ვიდეო: „ავტორის შესრულებით ეს სიმღერა მაინც სულ სხვანაირად ჟღერს…“ – როგორ ასრულებდა ნუნუ დუღაშვილი თავის შედევრს „კახეთო“ – ჩანაწერი „პირველი არხის“ არქივიდან

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

ნუნუ დუღაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

1959-1962 წლებში ნუნუ დუღაშვილი მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად. 1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1965-2002 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი.

პოპულარობა მოიპოვა მისმა სიმღერებმა: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“, „თბილისო, სიყვარულო“. დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისთვის.

2012 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები