ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურების გამო დაზარალებული მსესხებლების პრობლემას კიდევ ერთხელ დაუბრუნდა. გიორგი ქადაგიძის თქმით, ბანკებმა მომხმარებელს რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ არც გაზრდილი პროცენტი და არც არანაირი დამატებითი საურავები არ უნდა დააკისრონ.
მისი განმარტებით, გასაკვირი არ არის, რომ მოსახლეობის ნაწილს სესხები გაუძვირდა, განსაკუთრებით მათ, ვისაც კრედიტი დოლარში ჰქონდა. შესაბამისად, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, მათ უნდა მიაკითხონ კომერციულ ბანკებს და მოსთხოვონ რესტრუქტურიზაცია.
ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ გიორგი ქადაგიძის მხრიდან კომერციული ბანკების მიმართ მსგავსი მოწოდება პირველად არ მომხდარა. მათი თქმით, კომერციულ ბანკებში როგორც ჩანს სესხების რესტრუქტურიზაციის პრობლემაა. ეს განცხადება კი ექსპერტების განმარტებით, მიმართული იყო არა მხოლოდ ბანკების, არამედ იმ მომხმარებლებისკენ, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია რესტრუქტურიზაციის კონკრეტული პირობების შესახებ.
სტატისტიკა, რამდენმა მსესხებელმა მიმართა ბანკებს ვალუტაში აღებული სესხის რესტრუქტურიზაციის თხოვნით ლარის გაუფასურების გამო და რამდენს დაუკმაყოფილეს თხოვნა, არ არსებობს, თუმცა ბანკები აპრილში აცხადებდნენ, რომ რესტრუქტურიზაციის შესახებ მომხმარებლებთან კონსულტაციები აქტიურად იმართებოდა.