სახელგანთქმული პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი „ფორტუნას“ სტუმრობდა და ჩვენი საიტის შეკითხვებსაც სიამოვნებით უპასუხა სიახლეზე, რომელიც განსაკუთრებით მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვების მშობლებს დააინტერესებთ.
საქმე ისაა, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის“ ბაზაზე ახლახან გაიხსნა მუსიკალური სასწავლებელი „მუსიკის აკადემია“, რომლის დირექტორი ვალერიან შიუკაშვილი გახდა.
პატარების მიღება, პირველი კლასიდან, უკვე დაწყებულია.
ვალერიან შიუკაშვილი:
„საქართველოს მუსიკის აკადემია“ ახლახან გაიხსნა. მე სასწავლებლის დირექტორი ვარ. პირველი ოქტომბრიდან იწყება სწავლა, ბავშვებს პირველი კლასიდან ვიღებთ. პედაგოგები იქნებიან ანიტა რაჭველიშვილი, ნინო ქათამაძე, თათა ლიჩელი და სხვა ცნობილი მუსიკოსები, რომლებთანაც ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება. ვაპირებთ ბავშვთა პირველი ორკესტრის ჩამოყალიბებას და ამისთვის ნიკოლოზ რაჭველის მოწვევას ვგეგმავთ, თუმცა ეს სამომავლო პერსპექტივაა.
არ მინდა, დავაკნინო რომელიმე მუსიკალური სკოლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პიანისტი პიანისტმა უნდა გაზარდოს და პედაგოგმა პედაგოგი.
ბავშვი შესაძლოა, სახლში კარგად უკრავდეს და სცენაზე ისე ანერვიულდეს, რომ ვეღარ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. ჩვენს სკოლაში ამასაც კი ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს. ჩვენთან იმუშავებენ ფსიქოლოგები და არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ პედაგოგებთანაც, რომლებსაც მისცემენ მითითებებს, როგორ ასწავლონ ბავშვებს უკეთ.
მოგეხსენებათ, ყველა ჩვენგანი, მუსიკოსებს ვგულისხმობ, ძალიან დაკავებულია და ავიყვანთ ასისტენტებს, რომლებიც ჩვენს გაკვეთილებზე ისხდებიან და ბავშვებთან მეცადინეობას ჩვენს დაბრუნებამდე გააგრძელებენ. გვაქვს უფლება, რომ გავცეთ პროფესორობის წოდება და ცნობილ ადამიანებს, ალბათ, დავაჯილდოვებთ ამ წოდებითაც (იღიმის).
თქვენ, როგორც წარმატებული მუსიკოსი, რას ურჩევთ თქვენს მოწაფეებს, როდესაც პირველ გაკვეთილზე შეხვალთ?
მე, ალბათ, პირველ რიგში, პედაგოგებს გავესაუბრები და მერე ბავშვებს. ყველა ბავშვი ერთნაირია. შემდეგ განვითარებას და ოჯახურ გარემოს აქვს დიდი მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი სიყვარულამდე მიდის. თუკი შენ გიყვარს საქმე, ნიჭიც გივითარდება, თუკი გარკვეული პერიოდის შემდეგ აღარ გაინტერესებს, ე.ი. ვიღაცამ არასწორად წარმართა შენი ცხოვრება. ბავშვებისთვის ლექციების ჩატარების ევროპულ მიდგომას დავამკვიდრებთ.
ნინო ქათამაძე განსხვავებულ ჟანრში მოღვაწეობს და თქვენს სასწავლებელში რა როლი ექნება?
ის შევარჩიეთ სწორედ იმიტომ, რომ განსხვავებულ ჟანრში მოღვაწეობს. მან თავისი ახალი მიმართულება შექმნა. ვფიქრობ, ნინოს ნიჭი მსოფლიომ სწორედ ამის გამო დააფასა. შესაძლოა, მრავალი წლის შემდეგ, ნინოს სიმღერა ტრადიციად იქცეს, ეს ახალი ხედვაა, რაც მომწონს და მიმაჩნია, რომ ბავშვებისთვისაც საინტერესო იქნება. თუკი სხვა ჟანრის წარმომადგენელი მისი ან ანიტა რაჭველიშვილის დონის მუსიკოსი იქნება, ჩვენი აკადემიის კარი მისთვისაც გაიღება.
მუსიკის აკადემიის ჩამოყალიბების იდეამდე როგორ მიხვედით? უფრო ვრცლად გვითხარით იმ პრობლემებზე, რასაც სწავლების მხრივ ხედავთ. ამ სკოლამ ხომ ძალიან ბევრი ცნობილი ქართველი მუსიკოსი გაზარდა?
მე სხვადასხვა რეგიონში ექვს მუსიკალურ კონკურსს ვმართავ, მათ შორის, სენაკშიც, სადაც წელს 1126-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გვესტუმრნენ მუსიკოსები და მათ მასტერკლასები ჩაუტარეს. ძალიან კარგად ვიცი, რომელ რეგიონში რა მდგომარეობაა. სამწუხაროდ, საქართველოში აღარ არსებობს მუსიკალური ტექნიკუმები, სადაც მუსიკოსები რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ და სწავლას აგრძელებდნენ კონსერვატორიამდე. მინდა, ეს ტექნიკუმები აღდგეს. ამ მხრივ ძალიან დიდი წყვეტაა.
აუცილებელია, არსებობდეს ასისტენტის თანამდებობა, ჩემს დროს ის სწავლობდა პროფესორისგან და მერე პროფესორი ხდებოდა თავად. უდიდეს პატივს ვცემ თბილისის კონსერვატორიასა და მის პროფესორებს, მაგრამ ასაკის მხრივ დიდი წყვეტაა. ამას ისიც ემატება, რომ ყველა საზღვარგარეთ მიდის და ახალი თაობა ვეღარ ვითარდება. ქართველი ბავშვი დაჩაგრული რჩება. მეც უმეტესწილად უცხოეთში ვარ, მაგრამ მომავალი თაობა არ უნდა დავივიწყოთ და მათ აღზრდაზე ვიზრუნოთ.
სხვა მუსიკალური სასწავლებლების ხელმძღვანელები ხომ არ გაგინაწყენდებიან?
ყველა მათგანს ვიცნობ და ვმეგობრობ. ყველასთან ვითანამშრომლებთ. თუ მათ არ გაუხარდებათ, რომ მეც ვქმნი სასწავლებელს, ეს სხვა საქმეა. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი სკოლა ყველასგან განსხვავებული იქნება, ამიტომაც ჰქვია აკადემია (იღიმის).
ნინო მურღულია