LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოსამართლეების სია კრიტიკას ვერ უძლებს” – კამათი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

anan nazi

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. გიორგი მიქაუტაძის მიერ მოსამართლეთა კანდიდატების დასახელებას პროტესტი და კამათი მოჰყვა.

უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების დასახელება პროცედურების დარღვევით განხორციელდა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ახლა უკვე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს, როგორ წავა პროცესები საქართველოს პარლამენტში.

„შოკირებული ვარ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ბოლო წუთამდე მქონდა მოლოდინი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასე არ მოიქცეოდა და პროცედურების მინიმალურ, რაღაც სტანდარტს მაინც დააწესებდა. თუმცა ნახეთ, რომ მათ ეს შესაძლებლობა მაინც გამოიყენეს, ანუ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც ძალაში შევიდა განახლებული კონსტიტუცია, ერთი კვირის თავზე საკითხი დღის წესრიგში შეიტანეს. შოკირებული ვარ იმით, რომ საბჭო არ ითვალისწინებს სხვა წევრების მოსაზრებას. როგორც სჩვევიათ ისე მოხდა, მაგრამ საკითხი, რომელიც დღეს განიხილებოდა, იყო უმაღლესი დონის. საბჭო ასეთ ისტორიულ საკითხს მეორედ აღარ განიხილავს, იმიტომ, რომ პირველად მოხდა ქვეყნის ისტორიაში, რომ საბჭო წარადგენს კანდიდატებს პარლამენტში. მან როგორ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, ამაზე თავად მათი გადაწყვეტილება მეტყველებს,” – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

არ მინდა, ჩემი შვილის თაობაც ამ სასამართლო სისტემას ებრძოდეს - ნაზი ჯანეზაშვილი სხდომაზე 2 თვის შვილთან ერთად მივიდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ იმსჯელებენ

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მისთვის უცნობი იყო, რომ საბჭო დღევანდელ სხდომაზე აპირებდა „საქართველოს უზენაეს სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ” საკითხის განხილვას.

„ჩვენ არ ვიცოდით, ვისი კანდიდატურები დასახელდებოდა. წუხელ ღამით აიტვირთა დღის წესრიგი. რაც შეეხება კანდიდატებს, მათი სია ბოლო მომენტში მოვიპოვე, როცა მიქაუტაძემ დააყენა კენჭისყრაზე საკითხი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც ჩანს, მოგვევლინება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, გიორგი მიქუტაძემ თავისი კანდიდატურა დააყენა და როგორც ჩანს, პრეტენზია აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს. სია კრიტიკას ვერ უძლებს. შესაძლოა, სიაში რამდენიმე ღირსეული ადამიანი ნახოთ, მაგრამ მიხეილ ჩინჩალაძე დადებით კანდიდატად ვერავის გადაწონის, რადგან ის არის ადმიანი, რომელმაც სასამართლო სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა თავისი გავლენებით და თავისი მმართველობის სისტემით,” – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების დღეს დასახელებას აპროტესტებს ანა დოლიძეც. მისი თქმით, უმაღლესმა საბჭომ პროცესუალურად და შინაარსობრივად,  სუიციდი ჩაიდინა.

„მიუხედავად მთელი ჩემი კრიტიკისა თქვენი და სასამართლო სისტემის მიმართ, ნამდვილად არ მეგონა, საკუთარი კარიერის გადასარჩენად თუ ამ დონემდე დაეცემოდით, იმ ბოლო ტოტსა და ნაფოტს გადახერხავდით, რომელზეც სასამართლო ხელისუფლება კიდია. იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ რეალურად ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, რომ საბჭოს შეესრულებინა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს აღმატებული ფუნქცია, უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც კონსტიტუციამ თქვენ დაგაკისრათ“, – მიმართა საბჭოს წევრების უმრავლესობას ანა დოლიძემ და სხდომა დატოვა.

უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურების კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ არამოსამართლე წევრებს: ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილსა და ანა დოლიძეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g