2018 წელს უამრავი ისეთი მოვლენა მოხდა, რომელმაც ქართული საზოგადოების ცხოვრებაზე გავლენა იქონია. ზოგმა დადებითი, ზოგმაც უარყოფითი.
მთავრობის გადაწყვეტილებები, კანონები, კრიმინალური მოვლენები და კანონები, რომლებიც ამოქმედდა… “ფორტუნამ” წლის ბოლოს ყველაზე მთავარი და ხმაურიანი მოვლენები შეაგროვა:
- დაიწყო ავტომობილების პერიოდული ტექნიკური დათვალიერება. რეფორმის ბოლო ეტაპი იანვრიდან დაიწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი ტექნიკურად ყველა მძღოლმა უნდა შეამოწმოს და შესაბამისი საბუთი აიღოს. ამ ეტაპზე შემოწმება გაიარეს სატვირთოებმა, ორგანიზაციების მანქანებმა და ავტომობილებმა, რომელთა ძრავის მოცულობა 3 კუბური სანტიმეტრი ან მეტია.
რეფორმის პირველი ეტაპის შემდეგ წესით, ასეთი შედეგი უნდა დადგეს: სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს უფრო გამართული და ნაკლებად საფრთხის შემცველი. თუმცა, რეფორმას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.
- თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები – დაწესებული რეგულაციები 2018 წლის მაისში ამოქმედდა. თამბაქოს მოწევა იკრძალება: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა; საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. ასევე, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. თამბაქოს მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში: ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილზე, თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ამ საცხოვრებელ ადგილზე ფაქტობრივად ცხოვრობს და აღნიშნული საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის.
- მარიხუანას დეკრიმინალიზაცია – გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, რომელმაც მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზებასთან დაკავშირებით, „გირჩის“ საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა. თუმცა, მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შსს-მ კანონპროექტი წარმოადგინა, რომლის მიზანი, მარიხუნის მოხმარების მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევაა.
პარლამენტს კანონპროექტი ამ დრომდე მიღებული არ აქვს. კანონპროექტის მეორე ნაწილი სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოებას ეხებოდა, თუმცა, წინასაარჩევნოდ ეს ინიციატივა უკან გაიწვიეს.
- მიიღეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ თუ სოციალურად დაუცველი პირი სამსახურს დაიწყებს, გარკვეული დროის განმავლობაში მას დახმარება არ შეუწყდება.
თუ ადამიანი იღებდა სოციალურ დახმარებას, დაიწყებდა მუშაობას და გაუჩნდებოდა შემოსავალი, ამას პროგრამა ავტომატურად აფიქსირებდა, რაც სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი ხდებოდა. შემუშავდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ფულადი სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში კი, არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ.
- სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, კიდევ ერთი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა. სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები და მოზარდები მიიღებენ 5-ჯერ მეტ დახმარებას და არსებული 10 ლარიანი დახმარება 50 ლარიანით შეიცვლება. აღნიშნული ინიციატივა 140,000-მდე ბავშვს შეეხება. ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ მიიღეს და 2019 წლიდანვე ამოქმედდება.
- პარკირების ზედამხედველი კომპანია თბილისში “სითი პარკი”, ბაზრიდან გაიყვანეს. კომპანიას წლების განმავლობაში, დედაქალაქში მანქანების გასაჩერებელი ადგილების მოწესრიგება ევალდებოდა, თუმცა მათი საქმიანობა არასწორად გაჩერებული ავტომობილის დაჯარიმებით და მათი სადგომზე გადაყვანით შემოიფარგლებოდა. დედაქალაქში პარკირებაზე პასუხისმგებელი თბილისის სატრანსპორტო კომპანია გახდა, რომელსაც ჯერჯერობით მძღოლებისთვის, “სითი პარკისგან” განსხვავებული პირობები არ შეუთავაზებია.
- რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა. აპარატის მოხმარება მარტივია. შეგიძლიათ ჩააგდოთ მასში პლასტმასის ბოთლი და ძაღლისთვის საკვები ჩამოიყრება, ასევე, სასმელი წყალიც. იდეა წლის ინოვაციური პროექტის – “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში განხორციელდა.
- ღამის კლუბ “ბასიანში” პოლიციამ რეიდი ჩაატარა. მომხდარის გამო, თბილისის პარლამენტის წინ, აქციები დაიწყო, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას “ბოდიშის” შემდეგ დაიშალა.
ამ ჩამონათვალში უნდა იყოს ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციებიც, რომლის მიხედვითაც, ვალის აღება საკმაოდ რთულდება. თუმცა, კანონის მიღება ეროვნულმა ბანკმა ორჯერ გადადო. ახლა მისი ამოქმედების ვადა 2019 წლის 1 იანვარია.