რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ 21 წელი შეუსრულდა. ორ ათეულ წელიწადზე მეტია, „ფორტუნას“ ოთხი რადიოსადგურის მსმენელი განებივრებულია ხარისხიანი პროექტებით, რომლებიც ბაზარზე მედიაჰოლდინგის რეპუტაციას კიდევ უფრო ამყარებს. გარდა იმისა, რომ ერთი ქოლგის ქვეშ არის გაერთიანებული „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“, რადიოები, რომლებიც ბაზრის დიდ წილს იკავებენ დღესდღეობით საქართველოში, ასევე წლებია, ფუნქციონირებს ტელეკომპანია „მიუზიკბოქსი“, რომელიც ქვეყანაში შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გამშუქებელია.
31 დეკემბერს, „ფორტუნას“ მსგავსად, ეთერში პირველად გავიდა ასევე კიდევ ერთი რეიტინგული რადიო – „ავტორადიო“, რომელიც 2018 წლის მიწურულს ასევე აღნიშნავს დაბადების დღეს, მას 11 წელი უსრულდება…
„ფორტუნას“ დაბადების დღე, ტრადიციულად, პარტნიორებთან, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან და შოუბიზნესის წევრებთან ერთად, მხიარულებითა და მუსიკალური თანხლებით აღნიშნა.
„ფორტუნას“ დაბადების დღეზე მისმა დიდი ხნის მეგობარმა მომღერლებმა შეასრულეს სიმღერები, მათ შორის მაკა ზამბახიძემ, ვერიკო ტურაშვილმა და თემო საჯაიამ, ნოდიკო ტატიშვილმა და სოფო გელოვანმა, ნინო ძოწენიძემ, რეპერმა მასტერმა (გიორგი პავლიაშვილი), „ქუჩის ბიჭებმა“ და სხვა შემსრულებლებმა.
კომპანიას სტუმრობდნენ ოთო ფოლადაშვილი და ირინკა კავსაძე, რომლებიც 31 დეკემბრის ფინალური „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ ემზადებიან. წყვილმა მიულოცა „ფორტუნას“ 21 წლის იუბილე და წარმატებები უსურვა, თავის მხრივ კი, ჰოლდინგის თანამშრომლებმა ხვალინდელ ლაივზე მათ გამარჯვება უსურვეს.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თამარ ჩიგოგიძემ ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ, რომლითაც რადიოჰოლდინგი 2019 წელში შეაბიჯებს. ეს გახლავთ საინფორმაციო და მუსიკალური პორტალი, სრულიად ახალი კონცეფციის ვებპლატფორმა fortuna.ge, რომელიც საინტერესოა როგორც ახალი ამბების, ასევე შემეცნებით-გასართობი სიახლეებისა და მუსიკის, ქართველი თუ უცხოელი შემსრულებლების ბიოგრაფიების სიუხვით.
თამარ ჩიგოგიძემ, „ფორტუნას“ ერთ-ერთ ძველ სახესთან, აჩი ფურცელაძესთან, „ფორტუნას“ პიარსამსახურის უფროსთან, თათა სადრაძესთან ერთად ულამაზესი ტორტი გაჭრა. აჩი ფურცელაძემ, რასაკვირველია, საახალწლო სიმღერაც მიუძღვნა იმ ჰოლდინგს, სადაც ფეხი აიდგა და ყოველთვის უმადლის წარმატებას.
ჰოლდინგის წევრებთან და შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად 2018 წელი შევაჯამეთ.
თამარ ჩიგოგიძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი:
„წელს ჩვენმა კომპანიამ კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი გადადგა. წარვადგინეთ ახალი უნიკალური კონცეფციის ვებპლატფორმა, სადაც ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულია ოთხი რადიოსადგურის საიტი, აქ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს სასურველი ინფორმაცია და იმავდროულად, მოუსმინოს მისთვის სასურველ რადიოს საიტიდან გაუსვლელად.
მიმაჩნია, რომ ეს ვებპლატფორმა იქნება ძალიან საინტერესო ჩვენი მუსიკალური საზოგადოებისთვის, რადგან აქ წარმოდგენილია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლებისა და ჯგუფების ბიოგრაფიები, რომლებიც ჩვენმა მუსიკალურმა რედაქტორებმა მოიძიეს, აქვე მოისმენთ აუდიოჩანაწერებსაც. ეს ინფორმაცია მუდმივად იქნება განახლებადი. ვისაც აინტერესებს ახალი ამბები, შემეცნებითი, ინფორმაცია, მუსიკა და გართობა, ყველას ვიწვევთ, ესტუმრნონ ჩვენს საიტს. Fortuna.ge
მაია მაზანაშვილი, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი:
„21 წელი ჩვენს მსმენელებს ვანებივრებდით არაჩვეულებრივი მუსიკითა და საინტერესო პროექტებითა თუ პროდუქტებით, ძალიან კარგი წამყვანებით, კარგი რეკლამით. კომერციული კომპანია ვართ და ყოველთვის ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე. ამ წლების განმავლობაში პირველი ოთხეული ვიყავით კვლევებში და 2018 წელს, არაერთი კვლევის მიხედვით, ბაზარზე ისევ ლიდერები ვართ. მსმენელების 52% ჩვენია, ფინანსურ ჭრილში – 63%, ეს იმას ნიშნავს, რომ „ფორტუნა“ გამართულად მუშაობს.
ახლა ვვითარდებით ციფრული მიმართულებით და წარმოვადგინეთ ახალი ნიუს ვებპლატფორმა, რომელშიც კარგად არის ინტეგრირებული შოუბიზნესი. მოგეხსენებათ, კომპანია ამზადებს არაერთ პროექტს ქართული შოუბიზნესის ხელშეწყობისთვის, ერთ-ერთი ასეთი პროექტია „ოქროს ტალღა“, რომელსაც 5 წელი შეუსრულდა. 2019 წელსაც ველოდებით „ოქროს ტალღას“ და ქართული შოუბიზნესი მასში ძალიან ჩართულია, ამ პროექტით მოტივირებულია. დიჯითალში დიდი ნაწილი აქვს დათმობილი ქართული შოუბიზნესის პროპაგანდას, ეს სივრცე არაჩვეულებრივია მუსიკალური სიახლეების გასაცნობად, წარმოდგენილია ალბომები, სიმღერები და მათი ტექსტები, მსოფლიო ჩარტებთან ერთად ჩვენი პროფესიონალი მუსიკალური რედაქტორები შემოგთავაზებენ მუსიკალურ ათეულებს, ოცეულებს…“
ეკა კახიანი:
„პირველ რიგში, მინდა მივულოცო დაბადების დღე „ფორტუნას“, მისი თითოეული თანამშრომელი ჩემთვის ძვირფასია, დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. რაც დაიწყო ფუნქციონირება, მე და ნინი ვთანამშრომლობთ. მადლობა იმისთვის, რომ მსმენელამდე ჩვენი ნამუშევრების მიტანის საშუალება გვაქვს, გვასმენინებს გემოვნებიან მუსიკას და დაკომპლექტებულია პროფესიონალებით. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას იუბილეს!..“
მერაბ სეფაშვილი:
„თქვენ ყველაზე პირველებმა გააკეთეთ ეს საქმე, – ქართული კულტურის განვითარებაში თქვენი წვლილის შეტანა დაიწყეთ წლების წინ. არ ვაკნინებ იმ რადიოებს, რაც თქვენამდე არსებობდა, მაგრამ რასაც თქვენ აკეთებთ, ასეთი აქტიური გაშუქება ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობას გეუბნებით ამისთვის და არამარტო, ზოგადად, ბევრ და დიდ პროექტს აკეთებთ შოუბიზნესის განვითარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხართ, მრავალს დაესწარით და ბევრ წარმატებას გისურვებთ!“
მაკა ზამბახიძე:
„რა უნდა ვუსურვო რადიოს, თუ არა ბევრი ჰიტი?!. ვამაყობ, რომ 2018 წელს ორი სიმღერა მოვიტანე, დღეს კი მესამე შევასრულე თქვენს დაბადების დღეზე. ეს იქნება 2019 წლის ახალი სიმღერა (ჰიტი უნდა მეთქვა და იმედია, ენა მიყივლებს), რომელიც მანუჩარ მანჯავიძეს ეკუთვნის. ეს ძველი სიმღერაა, რომელსაც ხატია ელიზბარაშვილი ასრულებდა და „ნონ სტოპთან“ ერთად ახალი ლაივ-ვერსია ჩავწერეთ. სიმღერის სახელწოდებაა „ჩემთან ერთად“.
მიყვარხართ, რადგან ტრადიციას არ არღვევთ, ახალისებთ და სტიმულს აძლევთ მომღერალს, ამაზე მაგარი არაფერია, ასე რომ, დიდხანს იყავით!..“
გია ბაღაშვილი:
„პირველ რიგში, ვულოცავ „ფორტუნას“ 21 წლის იუბილეს. იღბლიანი რიცხვია. ფორტუნა თავისთავად სახელიც იღბლიანია. რაც მთავარია, აქ ჩემი მეგობრები მუშაობენ დაუღალავად, საიმისოდ, რომ ქართველი მსმენელი იყოს მაქსიმალურად სავსე საინტერესო მუსიკალური მასალით, რაც შეიძლება, დღევანდელ დღეს მიეწოდოს. მუსიკოსებს კი აძლევენ საშუალებას, გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, დღევანდელ დღეს ასპარეზი არცთუ ისე დიდია. 21 წელი ფორტუნასთვის გამარჯვებისა და აღმავლობის წლებია, ვუსურვებ ამ აღმავლობის გაგრძელებას. ჩვენ გვქონია არაერთი საერთო გამარჯვება და ასე გვევლოს წინ. მინდა, მივულოცო ოთხივე რადიოსადგურის მრავალათასიან აუდიტორიას, შემდეგი წლებიკვლავ „ფორტუნასთან“ ერთად გაეტარებინოთ“.
ნოდიკო ტატიშვილი:
„მინდა ვუსურვო ხვავი, ბარაქა, წარმატება და წინსვლა თითოეულ ადამიანს, ვინც აქ ხართ და ვინც თქვენი რადიოების მსმენელია, ყველა იყოს გაღიმებული, ბედნიერი და წარმატებული, მიიღეთ ჩემგან დიდი სიყვარული, პატივისცემით, თქვენი ნოდიკო ტატიშვილი“.
სალომე ბაკურაძე:
„ვულოცავ ჩემს საყვარელ ჰოლდინგს დაბადების დღეს. არ ვიცი, რა უნდა ვუსურვო მას. თქვენს ოთხ რადიოსადგურს სხვადასხვა სეგემენტზე გათვლილი მუსიკა აქვს, ჰყავს არაჩვეულებრივი თანამშრომლები, პროფესიონალები, ყველაფერია იმისთვის, რომ ლიდერები იყოთ, უფრო სწორად, უკონკურენტოები. მინდა,რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ სულ არსებობდეს, კიდევ უფრო განვითარდეს. საქართველოს კი მინდა ვუსურვო, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეიყვაროს ერთმანეთი. სხვა ყველაფერი კარგად იქნება“.
სოფო გელოვანი:
„გილოცავთ იუბილეს! რასაც თქვენ აკეთებთ, ძალიან კარგია. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ გვაძლევთ მეტის გაკეთების საშუალებას. გილოცავთ ახალ წელს!.. “
მასტერი:
„ვულოცავ ფორტუნას ჰოლდინგს დაბადები ს დღეს. ვუსურვებ ხარისხიანი მსმენელის კიდევ უფრო გაზრდას. კომპლიმენტის სახით კი ვეტყვი – მოუარო ერთ რადიოსადგურს, ურთულესი საქმეა, შექმნა ოთხი რადიოსადგური, რომელსაც ერთი კომპანია აერთიანებს და რომელთანაც ყველა რეიტინგულია, წარმოუდგენელია და ეს გააკეთა თქვენმა რადიოჰოლდინგმა!..
ფოტო: დათუნა აგასი
ნინო მურღულია