LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წელი კიდევ უფრო აქტიური, დინამიური და მეტი ძალისხმევის მომცველი იქნება – ქეთევან ციხელაშვილი

cover5

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა რადიო „ფორტუნასთან“ 2018 წელი შეაჯამა. მისი განცხადებით, იქ სადაც მისი აპარატი მუშაობს, მართლაც უპრეცენდენტო ნაბიჯები გადაიდგა, სამშვიდობო პოლიტიკის, შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით.

„ჩვენ წელს წარმოვადგინეთ მასშტაბური და კომპლექსური სამშვიდობო გეგმა, რომელსაც ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ ქვია. პარლამენტმა ამ ინიციატივას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი და მინდა საკანონმდებლო ორგანოს და მის წევრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ინიციატივას ძალიან დიდი საერთაშორისო გამოხმაურება ქონდა, მაგრამ მთავრობაისთვის, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ იმ ხალხს, ვისაც ეს ეხება და დაზარალებულია დაუსრულებელი ოკუპაციის მდგომარეობით, მათში გამოიწვია ამ ინიციატივამ ინტერესი და იმედი იმისა, რომ ვაჭრობა წახალისდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ და უკეთესი განათლების შესაძლებლობა მიეცეს იქ მცხოვრებ მოსახლეობას“, – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ეს ინიციატივა მავთულხლართებით იზოლირებულ პირობებში აჩენს იმედს, რომ რაღაც შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს და ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვნი ინდიკატორია.

„იმედი მინდა გამოვთქვა, რომ მომდევნო წელი, რომელიც ჩვენთვის კიდევ უფრო აქტიური, დინამიური და მეტი ძალისხმევის მომცველი იქნება, რათა გარკვეული რეალური ნაბიჯები გადავდგათ იმ გარდაუვალი პროცესისკენ, რაც არის ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, იმიტომ რომ ეს ვერ გაგრძელდება, შეუძლებელია, რომ მავთულხლართებით ვიცხოვროთ სამუდამოდ.

ქეთევან ციხელაშვილმა იმ სერვისებზე ისაუბრა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას უნდა ქონდეს და განაცხადა, რომ მათთვის პირველი პრიორიტეტი მშვიდობაა.

„ძალიან რთულ გარემოში ვცხოვრობთ, ფაქტობრივად ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია. იქ არის მზარდი რუსული მილიტარიზაცია და ვიცით რეგიონში რაც ხდება. სამწუხაროდ, ზოგადად მსოფლიო და განსაკუთრებით ჩვენი რეგიონი, წლიდან წლამდე არ ხდება უფრო უსაფრთხო, ამიტომ აქ ძალიან დიდი გონიერება გვმართებს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

„ცხრა კანონში შევიდა კონკრეტული ცვლილებები, რომელიც მომდევნო წელს უნდა ამოქმედდეს და სრულიად გათვლილი ინსტრუმენტები არსებობს იმისთვის, თუ როგორ შევუწყოთ იქ ხალხს ხელი, რომ ელემენტარული ეკონომიკური საქმიანობა აწარმოონ ან საერთო პროექტები განახორციელონ“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

2018 წელს კონტაქტები გაიზარდა და ეს არის კარგი ინდიკატორი, მაგრამ ამის პარალელურად ყოველთვის იზრდება წინააღმდეგობა.

ჩვენ გეგმები სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ დავძლიოთ წინააღმდეგობა ორმაგი ძალსხმევით და მათ შორის ჩვენი პარტნიორების დახმარებით, მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

მინისტრმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით მედიისა და საზოგადოების ჩართულობა დადებითად შეაფასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმესაც შეეხო. მისი თქმით, ეს უმძიმესი ტრაგედიაა, რომელიც არ უნდა განმეორდეს.

ქეთევან ციხელაშვილმა ერგნეთში ვიზიტზეც ისაუბრა: „მე ვიყავი ერგნეთში, სადაც მოსახლეობას ჩავაბარე ანგარიში და ხაზი გავუსვი იმას, რომ პრიორიტეტი ადამიანებზე ზრუნვა იქნება. მნიშვნელოვანია რომ ოკუპირებული რეგიონები არ დაიცალოს მოსახლეობისგან.

მინისტრი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ  მოსახლეობას, განსაკუთრებით ულოცავს ახალ წელს, გამოხატავს მხარდაჭერას და მადლიერებას. მისი განცხადებით, ეს ადამიანები ძალიან დიდ წნეხს უძლებენ. სამშვიდობო ინიციატივა კი სწორედ მათ კეთილდღეობაზე არის გათვლილი.

magti 5g