”აიმაქსის დარბაზში ყველა სეანსი ორჯერ მეტადაა დატვირთული, ვიდრე თბილისის კინოთეატრების სხვა სტანდარტულ დარბაზებში” – ამის შესახებ რადიო ფორტუნას ”კავეა აიმაქსის” მარკეტინგის მენეჯერმა დათო პირველაშვილმა განუცხადა. მისი თქმით სავაჭრო ქალაქ ”ისთ ფოინთში”, კავკასიის რეგიონში პირველმა ათდარბაზიანმა კინოთეატრმა ქართველ მაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთ-ერთ მიზეზად ისეთი ფილმების გაშვებაა, რომელზეც მოლოდინი გაცილებით დიდია. პირველი კვირა ფილმები მხოლოდ ”აიმაქსის” ფორმატში გამოდის, ხოლო შემდეგ უკვე სხვა ფორმატით გადის დანარჩენ დარბაზებში.
”აიმაქს” ტექნოლოგია საქართველოში წელს პირველად შემოვიდა. აიმაქსი იყენებს კინოთეატრის დიზაინს იმისთვის, რომ შეიქმნას შთაბმეჭდავი განცდა, რომელსაც კინოთეატრის სავარძლებიდან ფილმის რეალობაში გადავყავართ.
დათო პირველაშვილი (”აიმაქსის” მარკეტინგის მენეჯერი): ”აიმაქს” კამერებით და ტექნოლოგიებით გადაღებული ფილმები წარმოადგენს ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქციას კინოინდუსტრიაში, ”აიმაქსს” აქვს ათჯერ უკეთესი გამოსახულება, ვიდრე სტანდარტულ კინოთეატრებს. ეს არის გიგნატური ეკრანი და ხმის უპრეცედენტო ჟღერადობა, რომლის მთავარი მესიჯი სულიშემძვრელი ხმაა. ”აიმაქსის” ქსელის ოპერაციული ცენტრი მონიტორინგს უწევს თითოეულ ”აიმაქსის” კინოთეატრს, რომელიც მდებარეობს ლოს ანჟელესში.
”კავეა აიმაქსის” დარბაზი ”ისთ ფოინთში” 4000 კვ.მ-ზეა განთავსებვული, 10 დარბაზში 1580 ადგილია და მსოფლიო დონის სტანდარტებს შეესაბამება. ”კავეა აიმაქსში” სულ სამი ფილმის პრემიერა შედგა, საიდანაც ყველაზე მოთხოვნადი ფილმი რობერტ ზემეკისის ”გასეირნება” იყო. ამ დროისთვის ფილმი 5000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.