LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელი მხატვრის შუ კუბოს გამოფენა გაიმართება

99

შ. ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმში 4-11 ნოემბერს თანამედროვე იაპონელი კირიეს მხატვრის შუ კუბოს გამოფენა “იაპონიზმი ქაღალდზე” გაიმართება. გამოფენა იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ტარდება.
“შუ კუბო დაიბადა 1951 წელს იაპონიაში. 1977 წელს ოსაკას გალერეაში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა, რის შემდეგაც მან ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და მიწვეულ იქნა იაპონიის სხვადასხვა ქალაქში. მისი ძირითადი მასალაა ვაში — იაპონური ქაღალდი. ვაშის თითო ფურცელზე დანის ფაქიზი მოსმით და ფურცლის ამოჭრით იქმნება სურათი. მან შეიმუშავა განსაკუთრებული შერეული ტექნიკა, პასტელის და აკრილის საღებავების, ქსოვილსა და ქვიშის გამოყენებით. ნამუშევარი თუ მოითხოვს, სიღრმისა და სამგანზომილებიანი გამოსახულების ეფექტის შესაქმნელად იყენებს სიფრიფანა ვაშის არაერთ ფენას.
შუ კუბო 1995 წელს კობეში მომხდარი დიდი მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მან თავად გამოსცადა, თუ როგორ ტოვებს სტიქიური უბედურება წარუშლელ კვალს ისტორიაში და ადამიანის ცხოვრებაში. ამის შემდეგ მან თავისი შემოქმედების თემად აქცია “იაპონიზმი ქაღალდზე”. მოიარა იაპონია და ნამუშევრებში სეზონური ნობათისა და განწყობის გადმომცემი მოვლე-ნებისა თუ საგნების ასახვა დაიწყო.

2009 წელს იაპონიის კულტურის საქმეთა სააგენტომ შუ კუბო იაპონური კულტურის დესპანად დანიშნა. რის შემდეგაც იგი ცდილობდა იაპონური კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რამაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოიპოვა. მოგვიანებით, იაპონიისა და საზღვარგარეთ ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად, მან სხვადასხვა ქვეყანაში მოაწყო გამოფენები, ჩაატარა ვორკშოპები”- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იაპონიის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს თანამშრომლობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები