დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ბავშვიდან, რომლებიც იაშვილის კლინიკაში იმყოფებიან, არც ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. დავით სერგეენკომ ბავშვები იაშვილის კლინიკაში მოინახულა
„სამი ბავშვი იმყოფება იაშვილის კლინიკაში, ორს აქვს მსუბუქი ზედაპირული ჭრილობები, მესამეს მდგომარეობა არის საშუალოსა და მსუბუქს შორის, არის ქალას ტრავმა. საბედნიეროდ, არ არის მძიმე დაზიანებები. ველოდებით მეოთხე ბავშვს, რომელიც უნდა მოიყვანონ იაშვილის კლინიკაში. მეხუთე დაშავებული არის ღუდუშაურში, რომელსაც მოვინახულებ და ზუსტად მეცოდინება, რა მდგომარეობაშია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 5 ადამიანი.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც.
საპატრულო პოლიცის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ცნობით, კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, მაცხოვრებლებმა უკვე დაცალეს.
აფეთქების შედეგად, ასევე დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული, ჩავარდნილია ლიფტი.
ადგილობრივების ცნობით, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა.