LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული კომედიები პოზიტიური განწყობისთვის

movies

ყოველთვის ორიგინალური ფრანგები ფილმებსაც განსხვავებულს იღებენ. საინტერესო პერსონაჟები და კოლორიტული ლოკაციები, დახვეწილი იუმორი და გულწრფელი ემოციები – თვითმყოფადი ფრანგული კომედიების მთავარი მახასიათებელია.

„სიყვარული ყველა დაავადებას კურნავს“ (Supercondriaque) – იპოჰონდრიით შეპყრობილი რომენ ფობერი ყოველდღე ახალი პრობლემით მიმართავს ექიმს, რომელიც რთული პაციენტის მკურნალობის ერთადერთ მეთოდად მისთვის საცოლეს მოძიებას თვლის.

„სიყვარული ჰაერში“ (Amour & turbulences) – მექალთანე ალექსი შემთხვევით ხვდება ყოფილ შეყვარებულს თვითმფრინავის ბორტზე. წყვილი იძულებულია რამდენიმე საათი გაატაროს ერთად და მართალია, დიდხანს გამოთქვამენ პრეტენზიებს, მაგრამ საბოლოდ ხვდებიან, რომ წყენის მიუხედავად, მაინც ძალიან უყვართ ერთმანეთი.

„სიყვარული წინაღობებით“ (Un bonheur n’arrive jamais seul) – ახალგაზრდა, სიმპათიური კომპოზიტორი საშა მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს, ყოველ საღამოს ჯაზ-კლუბებს სტუმრობს, სადაც მეგობრებს ხვდება და ადგილობრივ ლამაზმანებს ეარშიყება. რადიკალურად განსხვავდებული ცხოვრება აქვს შარლოტას – მარტოხელა დედას, რომელიც დამოუკიდებლად ზრდის სამ შვილს. თუმცა შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდებს, რომელთაც თითქოს არაფერი აქვთ საერთო, თავდავიწყებით უყვარდებათ ერთმანეთი.

„სუფთა ფურცელი“ (La tête en friche) – საფრანგეთის პატარა სოფლის ბინადარი, გულკეთილი, თუმცა ნაკლებად განათლებული ჟერმენი შემთხვევით ხვდება ხანდაზმულ ინტელექტუალ მარგერს, რომლის წყალობით ახალ სამყაროს პოულობს და საკუთარ თავსაც აბსოლუტურად განსხვავებულად აფასებს.

„პატარა საიდუმლოებები“ (Les petits mouchoirs) – ძველი მეგობრები, რომლებიც ერთად ატარებენ შვებულებას, მოულოდნელად ამხელენ პატარა საიდუმლოებებს და სიტუაციაც მხიარულ კომპანიაში ნელ-ნელა იძაბება.

„გულთამპყრობელი“ (L’arnacoeur) – მექალთანე ალექსს თავისი ბიზნესი აქვს – დასთან და სიძესთან ერთად, იმ წყვილებს აშორებს, რომელთაც მხოლოდ ჰგონიათ, რომ უყვართ ერთმანეთი. თუმცა, რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენილი ტრიო, იძულებულია პრინციპებს უღალატოს და ქორწინებისთვის გამზადებული შეყვარებულები დააშოროს ერთმანეთს.

„საწოლის მეორე მხარეს“ (De l’autre côté du lit) – ჰიუგო მსხვილი კომპანიის მფლობელია და მთელ დროს სამუშაოს უთმობს, მისი მეუღლე არიანა კი, „თავგანწირული“ დიასახლისი, რომელიც საშინაო საქმეებს უძღვება, ბავშვებს მეურვეობს, საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობს და რა თქმა უნდა, დარწმუნებულია, რომ მისი ცხოვრება უფრო მძიმეა, ვიდრე მეუღლის. საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად არიანა ადგილს უცვლის ჰიუგოს და მეუღლეებიც მთელი წელი ერთმანეთის მოვალეობას ასრულებენ.

„საბედისწერო ლამაზმანი“ (Hors de prix) – შეძლებულ მამაკაცებზე მონადირე, ავანტურისტი ირენი, სასტუმროს მოკრძალებულ მოსამსახურეს ეცნობა, რომელიც შეცდომით მდიდარი ბიზნესმენი ჰგონია. სიმართლის დადგენის შემდეგ ირენი სინანულის გარეშე ტოვებს „არასასურველ პარტიას“, თუმცა არ ნებდება უზომოდ შეყვარებული ჟანი, რომელიც ბოლომდე აპირებს სიყვარულისთვის ბრძოლას.

„ჩემი საუკეთესო მეგობარი“ (Mon meilleur ami) – წარმატებული, თუმცა ქედმაღალი ფრანსუა, რომელსაც არასდროს ჰყოლია მეგობარი, პარტნიორთან დებს სანაძლეოს, რომ ნებისმიერთან შეძლებს დამეგობრებას და უძვირფასესი ანტიკვარული თასის მოსაგებად არაფერზე იხევს უკან.

„დუბლიორი“ ( La Doublure) – ცოლის ღალატში მხილებული მილიარდერი პიერ ლავარესი  მომხიბვლელ მოდელს ძველი ნაცნობის ფრანსუა პინიონის საცოლედ ასაღებს და იძულებით ასახლებს მასთან, თუმცა ფრანსუა დიდი ხანია წიგნის მაღაზიის მორიდებულ გამყიდველშია შეყვარებული, ლამაზმანის მოულოდნელი მდგმურობა კი, მხოლოდ უხერხულობას განიცდის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g