სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პარკი შპს ”მექანიზატორი”, რომელიც ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაშია, კერძო სექტორის მფლობელობაში გადავა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფიქრობენ, რომ პარკის ადმინისტრირებას კერძო სექტორი უკეთესად განახორციელებს და ამასთან სახელმწიფო მათთან კონკურენციაში არ შევა.
”ჩვენ გვაქვს მექანიზაციის ძალიან დიდი პარკი. ბევრი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ამხელა პარკი არ უნდა ჰქონდეს, ამიტომ ძალიან მალე ეს გახდება კერძო საკუთრება” – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფოს დიდი ხანია სურს შპს ”მექანიზატორის” პრივატიზება ან მისი მართის უფლებით გაცემა, თუმცა იმის გამო, რომ ღირებულებაზე შეთანხმება ვერ მოხდა, პროცესი გაჭიანურდა.
შპს ”მექანიზატორის” საქმიანობის მიმართულებებია: მცირე და მსხვილი ფერმერების მომსახურება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა და რეალიზაცია; ფერმერთა ინფორმაციით უზრუნველყოფა, კონსულტაციების გაწევა და ტრეინინგების ჩატარება; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაშ ითანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რემონტი, მარაგი ნაწილებით უზრუნველყოფა.
