ელექტრო ენერგეტიკული კომპანიები ზამთრის სეზონისთვის მზად არიან. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ და „თელასმა” მუშაობის ანგარიშები დღეს სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” არასამთავრობო სექტორს, დარგის ექსპერტებს და მედიას გააცნეს. პრეზენტაციას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც დაესწრო.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მოსახლეობამ ქსელში მომხდარი ავარიები საკუთარ თავზე არ უნდა იგრძნოს, ამიტომ ენერგოკომპანიაბმა ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.
”მოვისმინეთ ენეგეტიკული კომპანიების ანგარიში იმ სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელსაც ეს კომპანიები ახორციელებენ. ვნახეთ ელექტროენერგიის გათიშვის სტატისტიკაც, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა კომპანიაში მიმდინარეობს. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება ელექტროგამანაწილებელი ქსელის სრული რეაბილიტაცია. მოსახლეობამ ქსელში მომხდარი ავარიები საკუთარ თავზე არ უნდა იგრძნოს. ამ მიმართულოებით აქტიურად მუშაობს „სახელმწიფო ელექტროსისტემაც“ და ვფიქრობ, კარგი შედეგები გვექნება” – განაცხადა კახა კალაძემ.