17 წლის გოგონა, რომელიც ვენიდან საცხოვრებლად სირიაში გადავიდა და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი გახდა, სასიკვდილოდ სცემეს, ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
ბოსნიური წარმოშობის 17 წლის სამრა კესინოვიჩი სირიაში გასულ წელს 15 წლის მეგობართან, საბინა სელიმოვიჩთან ერთად ჩავიდა. ისინი ISIS-ის „პოსტერის გოგონები“ გახდნენ – მათი ფოტოები, რომელზეც გოგონები „კალაშნიკოვებით“ დაჯგუფების წევრ მამაკაცებთან ერთად პოზირებდნენ, სხვადასხვა ვებ-გვერდსა თუ სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდებოდა. კესინოვიჩი ერთ-ერთ ჯიჰადისტს ცოლადაც გაჰყვა.
თუმცა, ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ კესინოვიჩისთვის ადამიანების ხოცვის ატანა გაუსაძლისი გახდა და სახლში დაბრუნება მოისურვა.
ავსტრიული მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გოგონამ სცადა „ისლამური სახელმწიფოს“ „დედაქალაქიდან“ – რაქადან წამოსულიყო, კესინოვიჩი სასტიკად სცემეს და მოკლეს. მედიის წყარო ტუნისელი ქალია, რომელიც ასევე იმყოფებოდა სირიაში და რაქაში ვენიდან წასულ გოგონებთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით სირია დატოვა.