კომპანია “რუსთავის წყალი” წყალმომარაგების ტარიფის გაზრდას ითხოვდა, თუმცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ტარიფი შეუცირა.
წყალმომარაგების ტარიფის ზედა ზღვარი კომპანიას სემეკ-ის დღევანდელ სხდომაზე დაუდგინეს.
”რუსთავის წყალი” გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდას მოქმედი 3-ლარიანი გადასახადიდან სულზე 3.147 ლარის ტარიფს ითხოვდა, კომისიამ კი ტარიფის ზედა ზღვარი კომპანიას 2.07 ლარამდე შეუცირა.
გარდა ამისა, ”რუსთავის წყალი” არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ერთ კუბურ მეტრზე მოქმედი ტარიფის – 3.5 ლარის ნაცვლად, 4.4 ლარს ითხოვდა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით კი ტარიფის ზედა ზღვარი 2.695 ლარი დადგინდა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წევრის გოჩა შონიას განმარტებით, მოქმედი მეთოდოლოგიის მიხედვით, გადაიხედა კომპანიის ხარჯები და კომისიამ გადაწყვეტილება აუდიტის დასკვნის შედეგად მიიღო.
”კომპანიის ხარჯების სრული აუდიტისას გამოჩნდა, რომ კომპანიას შედარებით უფრო ნაკლები ხარჯები აქვს გასაწევი, ვიდრე მას ჰქონდა გათვალისწინებული მოქმედ ტარიფში. განსაკუთრებით ეს ეხება ელექტროენერგიის ხარჯს წყლის მოპოვებასთან დაკავშირებით. ყოველივე ამან გამოიწვია ის, რომ შემცირდა ტარიფი” – აღნიშნა გოჩა შონიამ.
მოქმედი მეთოდოლოგიით, აღნიშნული ტარიფი ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში. ტარიფები ძალაში შევა კომისიის შესაბამისი დადგენილების გამოქვეყნებისთანავე.