მცირე ხნის წინ, როდესაც „ნიჭიერის“ სცენაზე 15 წლის „მოცარტით შთაგონებული“ ბიჭი, ჯაბა ვაშაძე გამოვიდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ის ჟიურის წევრებს და მაყურებელს ასე მოხიბლავდა და მოცარტის ოპერიდან „ჯადოსნური ფლეიტა“ არიას შეასრულებდა. თავიდან მას სკეპტიკურად შეხედეს, თუმცა ყველას გაოცება შეძლო.
ახლა ჯაბა ნახევარფინალისთვის ემზადება და უახლოეს რამდენიმე კვირაში წარდგება პროექტის მაყურებლის წინაშე.
მანამდე ჯაბას დედას, თიკო ჯაფარიძეს დავუკავშირდით, რომელიც ცნობილი ქართველი რეჟისორის, გუგული მგელაძის შვილიშვილი გახლავთ…
თიკო ჯაფარიძე:
ჯაბა სამი წლის წინ თეატრალურ სტუდია „ბერიკებში“ მივიყვანეთ. მანამდე სახლში არასდროს უმღერია და არ ვიცოდით, რომ მუსიკალური ნიჭი ჰქონდა. ძალიან უყვარდა კლასიკური მუსიკა, ხშირად უსმენდა ნაწარმოებებს, ეცნობოდა კლასიკოსი კომპოზიტორების ბიოგრაფიებს. ხატავდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ამ სფერომ აღარ დააინტერესა, მსახიობობა კი აინტერესებდა და სპექტაკლებშიც მონაწილეობდა, „ნიჭიერის“ გამო ორი თვეა, სტუდიაში აღარ დადის, თუმცა პროექტის დასრულების შემდეგ აუცილებლად დაბრუნდება.
„ბერიკებში“ რომ მივიყვანეთ, ვოკალის პედაგოგმა აღმოაჩინა მისი ნიჭი. კონსერვატორიაში რომ წავედით, გვითხრეს, რომ გარკვეული პერიოდი სიმღერისგან თავი უნდა შეეკავებინა, რადგან ახლა გარდატეხის პერიოდი აქვს. არ დაგვიჯერა და „ნიჭიერში“ მონაწილეობის მისაღებად თავად დარეგისტრირდა.
გამოხმაურებას ველოდით, მაგრამ ასეთს არა. ახლა ემზადება ნახევარფინალისთვის. დადის კონსერვატორიაში პედაგოგ ავთო რევიშვილთან.
აპირებს კონსერვატორიაში ჩაბარებას?
სხვათა შორის, ამისი სურვილი ჯერჯერობით არ გამოუთქვამს. კონსერვატორიაში გვითხრეს, ცოტა ხანს შეისვენოს და ჩვენ მივხედავთო, თუმცა ჯაბას იურისტობა უნდა.
ალბათ, თქვენი ახლობლები გაკვირვებულები დარჩნენ, როცა ჯაბა „ნიჭიერში“ იხილეს…
ძალიან ცოტამ იცოდა მისი ამ მონაცემის შესახებ. „ბერიკებში“ რამდენჯერმე გამოვიდა კონცერტებზე და მისმა მეგობრებმა მოისმინეს და საახლობლოს მცირე ნაწილმა, ოჯახის წევრებმაც, როგორც გითხარით, სულ სამი წელია, რაც გავიგეთ მისი მუსიკალური ნიჭის შესახებ.
ჯაბასთვის, ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ გაიმარჯვოს…
მონაწილეობა იყო მთავარი, მაგრამ გამარჯვება რასაკვირველია, უნდა (იღიმის).
ჯაბას დიდმა ბაბუა, გუგული მგელაძემ ნახა მისი გამოსვლა?
სამწუხაროდ, ვერ ნახა, რადგან იმ დროს უკვე ძალიან შეუძლოდ გახლდათ…
პ.ს. შეგახსენებთ, რომ კინორეჟისორი და სცენარისტი გუგული მგელაძე 89 წლის ასაკში 30 ნოემბერს გარდაიცვალა.