საქართველოს ზამთრის კურორტებზე სასტუმროების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია და ოთახის პოვნა ჭირს. ამის შესახებ ”ფორტუნას” ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ია თაბაგარმა განუცხადა.
როგორც თაბაგარი ამბობს, მოთხოვნა ახალი წლის დღეებში საკმაოდ მაღალია, შესაბამისად თითქმის ყველა ტიპის სასტუმროს (საოჯახო იქნება, თუ მაღალი კლასის) დიდი დატვირთვა აქვს.
რაც შეხება ფასებს, ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით ფასები 2 ადამიანზე 100 დან- 1500 ლარამდე მერყეობს. ”განსაკუთრებით დატვირთულია ბაკურიანში, გუდაურში და ასევე კახეთის რეგიონში არსებული სასტუმროები. მაქსიმალური ფასი ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროში 1500 ლარს აღწევს, თუმცა ფასში შედის 2 ღამის მომსახურება, კვება, გართობა და საახალწლო ღონისძიებები”- განუცხადა ”ფორტუნას” ია თაბაგარმა.
თაბაგარი გამოეხმაურა საზოგადოების ნაწილის ნეგატიურ დამოკიდებულებას ფასებთან დაკავშირებითაც. მისი განმარტებით, დასვენება და კარგი მომსახურება ყოველთვის ფინანსებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, როგორც ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, მაღალ ფასში უჩვეულო არაფერია.
”საზოგადოების გადახდისუნარიანობიდან გამომდინარე დგინდება ფასი, ანუ ფასს კარნახობს ბაზარი . გარდა ამისა, სეზონურ კურორტებზე სასტუმრობს ძალიან დიდი ხარჯი აქვთ, რის გამოც უწევთ შედარებით მაღალი ფასის დაწესება,”- განმარტა თაბაგარმა.
საქართველოს კურორტებისთან შედარებით, თბილისში სასტუმროებზე მოთხოვნა ახალი წლის პერიოდში დაბალია. თუმცა, როგორც თაბაგარი ამბობს, აქ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს ელიან.
