LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მიზეზით ტირიან ბავშვები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

183
teo-gubianuri

ტირილი ემოციების გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა, რომელსაც ასაკობრივი თავისებურება ახასიათებს. რა მიზეზით ტირიან ბავშვები – ამ თემაზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა თეო გუბიანურმა ისაუბრა.

რაზე მეტყველებს ტირილი ჩვილობის ასაკში? 

ჩვილი ბავშვებისთვის ტირილს გადარჩენის ფუნქცია აქვს – ეს არის ერთადერთი საკომუნიკაციო გზა სამყაროსთან. გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ შეუძლიათ სხვანაირად გააგებინონ უფროსებს თავიანთი სურვილები, ბავშვი ტირის როდესაც: შია, წყურია, ტკივა, აწუხებს, ცივა ან ცხელა…ნებისმიერი დისკომფორტისას. ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც ტირილის მიზეზის გასარკვევად გამორიცხვის მეთოდს მივმართავთ, ჯერ ვცდით რომ ვაჭამოთ, თუ არ ჭამს მაშინ წყალს ვაძლევთ, ამანაც თუ არ დაამშვიდა შეიძლება ხელში ავიყვანოთ (იქნებ მზრუნველთან სიახლოვე სჭირდება) და ასე შემდეგ.

ტირილით ემოციების გამოხატვა იცვლება ასაკის ცვლილებასთან ერთად…

მას შემდეგ, რაც ბავშვი სწავლობს ლაპარაკს, ტირილის სიხშირეც კლებულობს. ბავშვს უკვე შეუძლია სიტყვებით გამოხატოს საკუთარი მოთხოვნილებები და ასე დაკმაყოფილდეს. თუმცა, უფროსებთან შედარებით მაინც ბევრს ტირის. რატომ? – იმიტომ რომ, ეს ასაკობრივი თავისებურებაა, ბავშვის ნერვული სისტემა და შესაბამისად ფსიქიკა ჩამოყალიბების პროცესშია, მას შესაბამისი უნარები არ აქვს ჯერ კარგად განვითარებული, იმისთვის რომ მართოს საკუთარი ემოციები. სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები ტირიან იმის გამო რომ მოჭარბებული ემოცია აქვთ, არ იციან სხვანაირად როგორ გამოხატონ და ტირილით ცდილობენ ემოციებისგან დაცლას. ბავშვი ტირის, როდესაც რაღაცის შეეშინდება – ეზოში მორბენალი ძაღლის, ფილმის, ნახატის… შიში ერთ-ერთი ძლიერი და ბაზისური ემოციაა, რომლის დაძლევაც სერიოზულ უნარებს მოითხოვს, ხშირად ზრდასრულებსაც გვიჭრის მისი მართვა. ასევე, ბავშვი ტირის როდესაც სევდიანია, იმედგაცრუებული, გაბრაზებული. ტირილით ის ცდილობს ყველა ჩამოთვლილი ემოციის გამოხატვას, ანუ გარეთ გამოშვებას. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს? – უნდა ვაცადოთ იტიროს. დამამშვიდებელი გამოთქმები, როგორიც არის –  „დამშვიდდი, არ იტირო,“ „არ იტირო, გოგო ხომ არ ხარ“, „კარგი, რა გატირებს, ამან შეგაშინა?“ – დამაზიანებელია ბავშვის ფსიქიკისთვის, ასე ჩვენ ვაიძულებს რომ შეიკავოს ემოცია, დაიტოვოს საკუთარ თავში და შედეგად შესაძლოა აგრესიული ქცევა მივიღოთ.

თერაპევტებისთვის სესიაზე მისული კლიენტი თუ ტირილს იწყებს, სასიხარულო ამბავია, ეს ნიშნავს რომ ემოციამ სხეულიდან გამოსვლა დაიწყო, რაც დამშვიდების წინაპირობაა.

ტირილი, როგორც მანიპულატორული ქცევა…

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ტირილი შესაძლოა მანიპულატორულ ქცევად გადაიქცეს. დავაცადოთ ბავშვს, იტიროს გულისხმობს იმას რომ პატარაობიდანვე ვეცადოთ მოვუსმინოთ და გავუგოთ – რა საჭიროება აქვს, დავუკმაყოფილოთ ისინი და შესაბამისად შევამციროთ მისი ტირილის სიხშირე. ტირილი გაგრძელდება იქამდე სანამ იმას არ მიიღებს რაც სურს – აქ ვგულისხმობ რეალურ საჭიროებებს. მოზრდილ ბავშვებში, მაშინ როდესაც ტირილის ბიოლოგიური საფუძველი ემოციური გამოვლინებაა – უნდა ვეცადოთ მის ემოციურ მხარდაჭერას და ამ კუთხით დავაკმაყოფილოთ ისინი.

თუმცა, უფროსები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვი უმიზეზოდ ტირის, აწყობს ტანტრუმებს და ამის მართვა შეუძლებელია – ეს შესაძლოა იყოს მანიპულატორული ქცევა. სასურველის მისაღებად არასწორი სტრატეგიის არჩევა – რომელიც მას უკვე განმტკიცებული აქვს, ისევ უფროსების მიერ. რა უნდა ვქნათ? – ვასწავლოთ თხოვნის სხვა გზები, უკეთესად ავუხსნათ თუ რატომ არ შეიძლება მაღაზიაში ყოველ ჯერზე შესვლისას ტკბილეულის ან სათამაშოს ყიდვა, კომპიუერის დიდი ხანი მოხმარება, თუმცა მაინც გვახსოვდეს რომ მსგავსი ქცევის ჩამოყალიბება ჩვენი ბრალია.

რაც შეეხება უფროს ბავშვებს, ხშირად ზრდასრულებსაც ახასიათებთ ისეთი ტირილი – რომელიც ძლიერ ემოციებს უკავშირდება: ემოციური ფილმის ყურებისას, მეგობართან დაპირისპირებისას, წყენისას, შეურაცყოფისას, გაბრაზებისას – ეს ემოციების მართვასთან არის დაკავშირებული, თუმცა არაფერია ცუდი იმაში, პირიქით, გარკვეული სიხშირით ტირილი სასარგებლოა ადამიანისთვის.

7 რჩევა თეო გუბიანურისგან:

1. პატარა ბავშვებში ტირილი ადამიანებთან კომუნიკაციის ფორმაა;
2. ტირილი არის კარგი საშუალება ემოციების გამოსახატად;
3. დავაცადოთ ბავშვს იტიროს და არ შევზღუდოთ – თუ ეტირება იტიროს;
4. გახსოვდეთ, რომ ტანტრუმები არის განმტკიცებული ქცევის შედეგი, რომელიც უფროსებმა განვამტკიცეთ;
5. ტირილს ყოველთვის აქვს მიზეზი – საჭიროა კარგად დაკვირვება და ამ მიზეზის გარკვევა;
6. შესაძლოა მსგავსი ქცევა ყურადღების დეფიციტითაც იყოს გამოწვეული;
7. გვახსოვდეს რომ ტირილში სამარცხვინო არაფერია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g