პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ღარიბაშვილმა ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაზე, ბიზნესგარემოსა და შრომის კანონმდებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო რეიტინგებში გაუმჯობესდა. მათ შორის ”მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში”, ”ეკონომიკური თავიუფლების ინდექსში”, ასევე ”გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში”.
პრემიერის ანგარიშით, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტით ფერმერებმა 306 მლნ ლარის დახმარება მიიღეს. შემუშავდა სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი პროგრამები: თხილის წარმოების განვითარება, მეფუტკრეობის მხარდაჭერა, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ვაშლისა და მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობა.
ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი ანგარიში თბილისის საკრებულოში წარადგინა.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სტუდენტები, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები დაესწრნენ.