საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. როგორც ფონდის მისიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, 2019 წლის განმავლობაში საქართველოს 4.6%-ის ეკონომიკური ზრდა ექნება, რაც 2018 წლის ოქტომბერში გაკეთებულ პროგნოზს – 0.18% პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება.
„2019 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4.6 პროცენტით ზრდა. მაღალი ხარჯები ინფრასტრუქტურაზე (2018 წლის ბოლოს გაწეული ხარჯების ჩათვლით) დააბალანსებს ნაკლებ პოზიტიური საგარეო გარემოს და კრედიტის დაბალი ზრდის გავლენას ეკონომიკაზე. ინფრასტრუქტურული ხარჯვის მატების პარალელურად, უნდა გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევისა და მართვის პრაქტიკა. მაღალი ექსპორტისა და ფულადი გადმორიცხვების შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედ დაღმავალ რისკებს შორისაა სავაჭრო პარტნიორების დაბალი ზრდა, საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობა და კრედიტის ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელება. საპასუხოდ საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად და რეზერვების დასაგროვებლად, მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნებით“, – განაცხადა ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა.
შეგახსენებთ, საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი უკვე დასრულდა. სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 20-26 თებერვალს იმყოფებოდა.