საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპაზე მესამე მატჩი ითამაშა და, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა. მორიგი მატჩი ბორჯღალოსნებმა ბრიუსელის პატარა და არც თუ საუკეთესო მოედანზე ბელგიასთან იოლად მოიგეს – 46:6.
ქართველებმა მეტოქე თავიდანვე წნეხის ქვეშ მოაქციეს და პირველი ტაიმში ყველაფერი გადაწყვიტეს, როდესაც ჩვენებმა 4 ლელო დადეს. პირველად გურამ გოგიჩაშვილმა დაამიწა. ეს მისთვის ნაკრებში სადებიუტო ლელო იყო.
მეორე ლელო ინდივიდუალური გარღვევის შედეგად, გიორგი ნემსაძემ დადო. სოსო მათიაშვილმა გარდასახა.
მესამე ლელო გიორგი ცუცქირიძის ანგარიშზეა.
მალე ბორჯღალოსნებმა ბონუს ქულაც გაინაღდეს და ბელგიელები მეოთხედ დაალელოვეს. ლელო მირიან მოდებაძემ დადო.
მეორე ტაიმი მასპინძლების ჯარიმით დაიწყო და ჩევენებმა ლამის ნახევარი ტაიმი უქულოდ გაატარეს, თუმცა შემდეგ ისევ დაიწყეს ლელოების დადება. აი გარდასახვები კი ისევ ბლომად გავაფუჭეთ. ლელოები ზურაბ ძნელაძის, გელა აფრასიძის და ისევ გიორგი ცუცქირიძის ანგარიშზეა. აი დროამოწურულზე კი გიორგი თხილაიშვილმა საფინალო ლელო დადო და მორაგბეებმა ტრიბუნებზე მყოფი თანმემამულეები კარგ ხასიათზე დააყენეს.
ბელგიელებს ჩვენამდე შეხვედრამდე საკუთარ მოედანზე სამი თამაშია არ წაეგოთ (გერმანიას ორჯერ აჯობეს და ერთხელ ესპანეთს).
ბელგიასთან აქამდე 4-ჯერ გვითამაშია და ოთხი მოგება გვქონდა. ამ ოთხ მატჩში გავიტანეთ 19 ლელო და ერთადერთი მივიღეთ. პლუს ახლა რვა ლელო მივამატეთ.
ესპანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა სასტარტო 15-ში 6 მორაგბე შეცვალა – 4 ხაზში და ორიც შერკინებაში და ტრადიციულად გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავი დააყენა.
თამაშამდე მილტონ ჰეიგი ინგლისურ ვარჯიშებზე საუბრობდა და ბელგიასთან კარგი თამაში უნდოდა:
„ინგლისთან შესანიშნავი ერთობლივი ვარჯიში გვქონდა. განსაკუთრებით მეორე დღეს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ფანტასტიური. ინგლისის მწვრთნელები აცხადებდნენ, რომ მათმა გუნდმა აშკარად ისეთივე ფასდაუდებელი შედეგი მიიღო, როგორიც ჩვენმა. ასეთი რამის მოსმენა ბევრ რამეს ნიშნავს!ყველაფრიდან გამომდინარე, გვინდა, რომ ბელგიასთან განსაკუთრებით კარგად ვითამაშოთ. ამის შესახებ ბიჭებსაც ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი კმაყოფილებიც არ უნდა ვიყოთ ინგლისთან ვარჯიშის შემდეგ, ბელგიასთან განსხვავებული გამოწვევა გველის. ბელგიის წინააღმდეგ ისეთ დონეზე უნდა ვითამაშოთ, როგორ დონეზეც ვივარჯიშეთ ინგლისთან და თუ ამას მოვახერხებთ, ანგარიშს ეს თავისთავად შეეტყობა“.
ალბათ შეეტყო, არა?
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები უკვე შინ ითამაშებს და მეტოქე არც ამჯერად არის დიდი ხვითო – 10 მარტს ქუთაისში, გერმანიას მოვუგებთ.