თბილისში, ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხანა აშენდება.
როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, პროექტს საპარტნიორო ფონდი და კომპანია “ჰუმანითი-ჯორჯია” ერთობლივად ახორციელებენ. ორ მხარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჯამურად 130 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ითვლისწინებს. ქარხნის მშენებლობის პროცესში 160 ადამიანი დასაქმდება, ხოლო ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, დასაქმებული პერსონალის რაოდენობა 440 ადამიანს გადააჭარბებს.
როგორც “ჰუმანითი ჯორჯიაში” განაცხადეს, ერთობლივი ფარმაცევტული პროექტი ჩაფიქრებულია, როგორც ამიერკავკასიის მასშტაბით საუკეთესო ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც EU GMP სტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი და მოწყობილი.
”ქარხანაში დამზადდება სულ ცოტა 600 დასახელების წამალი, როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე საექსპორტოდ. ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ პროექტი ითვალისწინებს EU GMP ქარხანასთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნას, რომელიც სერიულ კონტროლს ადგილზე მოახდენს” – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა, ანდრეი კუზმა.
“ჰუმანითი ჯორჯია” უკვე აწარმოებს მედიკამენტების იმპორტს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და მისი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.