თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელს თამაზ გაიაშვილს პასუხობს.
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის, თეა ზაქარაძეს განცხადებით, ავიაკომპანიას არჩევანი აქვს და მას შეუძლია ქუთაისის აეროპორტიდან იფრინოს. “მე ვთავაზობ მას, თუ არ მოსწონს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, შეუძლია იფრინოს ქუთაისის აეროპორტიდან. არ არის პრობლემა. თუ მისთვის უკეთესია იქაური ინფრასტრუქტურა, მაშინ იფრინოს ქუთაისიდან”, – ამბობს ზაქარაძე.
შეგახსენებთ, თამაზ გაიაშვილი TAV Georgia-ს სერვისსა და მომსახურებას უწუნებს. მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მდგომარეობა სავალალოა და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„როგორც ქართველი გულდაწყვეტილი ვარ, რომ რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს. ჩვენ ვერც ბაქოს აეროპორტთან ვერ მივალთ ახლოს და ვერც ერევანთან. ძალიან ჩამორჩენილები ვართ”, – ამბობს Georgian Airways-ის დამფუძნებელი.