ამ დროისთვის სოფელ ხურვალეთთან დამაკავშირებელ გზაზე პოლიციაა მობილიზებული და მედიისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს არ უშვებენ. სამართალდამცველები განმარტებებს არ აკეთებენ, რატომ არ უშვებენ ჟურნალისტებს და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს სოფელში.
როგორც მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრმა ანა ჭარხალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ადგილობრივმა მცხოვრებმა ლუდა სალიამ აცნობა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს კოტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.
“ხშირად დავდივართ ხურვალეთში. მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა, რომ პოლიციას ჩვენთვის გზა გადაეკეტა. ჩვენ ხურვალეთიდან გვიკავშირდებოდა ადგილობრივი ლუდა სალია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მისგან გავიგეთ ეს ინფორმაცია, რომ რუსები არიან ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულები. როგორც მან გვითხრა, ისინი შეიარაღებულები არიან. მოსახლეობა დახმარებას გვთხოვდა. აქ მოვედით და არ გვიშვებენ. პასუხი არ აქვთ, თუ რატომ არ გვიშვებენ. ეს არის გახარიას ბრძანება”, – განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.