LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა პუნქტი, რომლის გარეშე ექსკურსიაზე ვეღარ წახვალთ – რა ცვლილებები ამოქმედდება მომავალი წლიდან?

12462
50200f5cbe9c4f2d826054427d337c64

ქვეყნის შიგნით არსებული ტურისტული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, სხვადასხვა რეგიონში არსებული ტრადიციებისა და ისტორიის გაცნობა, ბავშვების ერთმანეთთან დაახლოება და გუნდურად გართობა – ეს იმ მიზნების ჩამონათვალია, რომელსაც ექსკურსია ემსახურება. თუმცა, არსებობს საპირისპირო შედეგი, რომლებიც იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ მაინც დგება.

 

ერთ-ერთი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც 2018 წლის 9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე მოხდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა 23, აქედან 13 არასრულწლოვანი.

 

 

აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, 2018 წლის 15 ივნისს განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდებოდა.

2019 წლის მარტის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსკურსია პირველადი სამედიცინო დახმარების მცოდნე პირის გარეშე ვერ შედგება – ახალი რეგულაციების შესრულება სკოლის ადმინისტრაციას მოუწევს.

ბავშვების უფლებათა კოდექსში, რომლის მიღებაც სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით იგეგმება, ახალი რეგულაციები ჩაიწერება. კოდექსის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია.

მუხლი, რომელიც საჯარო ღონისძიებებში ბავშვების უფლებების დაცვას არეგულირებს, რვა პუნქტისგან შედგება. ამ პუნქტებშია გაწერილი მაგალითად, ექსკურსიის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობის ფორმები, საკვების ჰიგიენური დაცვის ნორმებით გადატანისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ვალდებულებები.

სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის, ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი ეკა ხუციშვილი „ფორტუნასთან“ ბავშვთა უფლებათა კოდექსის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ ამ კოდექსის მიხედვით საჯარო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის ინიცირებული პროექტი სხვადასხვა მიმართულებით, ბავშვის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის გარანტიებს ითვალისწინებს.
მათ შორის არის, საჯარო ღონისძიებებში არასრულწლოვნის მონაწილეობისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები, რომელიც უკვე კოდექსის სახეს მიიღებს, გამყარებული იქნება სამართლებრივი საფუძვლით და სავალდებულო იქნება შესასრულებლად ყველა იმ პირისთვის და იმ ორგანიზატორისთვის, რომელიც დაგეგმავს ან განახორციელებს საჯარო ღონისძიებებს არასრულწლოვნების მონაწილეობით,“ – განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის, ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი იმ აუცილებლობებზეც საუბრობს, რომელიც ექსკურსიის დაგეგმვამდე ორგანიზატორებმა უნდა გაითვალისწინონ.

იმისთვის, რომ სკოლის მოსწავლეებმა ექსკურსიაზე წასვლა შეძლონ, აუცილებელია:

  • სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოყენებული იქნება მოსწავლეების გადასაყვანად, იყოს გამართული. მძღოლს დადასტურებული უნდა ჰქონდეს ტექინსპექტირების შედეგები.
  • მძღოლი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, საკუთარი კვალიფიციურობის დადასტურება დოკუმენტით მოუწევს.
  • ექსკურსიების მიმდინარეობისას სავალდებულო გახდება თანმხლები პირის ყოლა, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კუთხით გამოცდილება ექნება. ასეთი პირი შეიძლება იყოს მანდატური ან მშობელი.
  • აუცილებელია დაცული იყოს სანიტარული ნორმები, საკვებთან დაკავშირებით, რომელსაც მოსწავლეები საჯარო ღონიძიების ან ექსკურსიის დროს მიირთმევენ.

როდესაც ორი ან ორზე მეტი სატრანსპორტო საშუალება ე.წ კოლონა გადაადგილდება, საჭირო ხდება გონივრულ ვადაში შინაგან საქმეთა სამინისტროში და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში ე.წ 112-ში გაიგზავნოს შეტყობინება. ექსკურსიის ე.წ კოლონას აუცილებლობის შემთხვევაში საპატრულო პოლიცია გააცილებს.

 

 

 

  • ადგილობრივ თვითმმართველობაში, სადაც დაგეგმილია მოსწავლეების თავშეყრა, უნდა გაიგზავნოს შეტყობინება, დაგეგმილი ექსკურსიის შესახებ.
    შეტყობინების შესვლა დროულად უნდა მოხდეს რადგან, შესაბამისმა სამსახურებმა სათანადო რეაგირების განხორციელება მოახერხონ.

კითხვაზე, ვინ განახორციელებს კონტროლს ექსკურსიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე? – ეკა ხუციშვილი აცხადებს, რომ ეს შესაბამისი საბუთებით იქნება დადასტურებული.

„მძღოლის კომპეტენცია ასევე, სატრანსპორტო საშუალების გამართულობა შესაბამისი დოკუმენტებით უნდა იყოს გამყარებული. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ის ორგანიზატორს დაეკისრება, რომელიც კონკრეტულ ღონისძიებას დააორგანიზებს,“ – განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე განცხადებით, განათლების სამინისტრომ მოსწავლეების ექსკურსიებთან დაკავშირებით რეკომენდაციები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გასულ წლებში გააგზავნა.

„სწორედ ამ რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა ჩანაწერი, ბავშვის უფლებათა კოდექსში. შესაბამისად განათლების სამინისტრო ცვლილებას მიესალმება და დადებითად აფასებს აღნიშნულ ინიციატივას,“ – განაცხადა ეკა ხუციშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის დირექტორი არჩილ სუმბაძე ცვლილებებთან დაკავშირებით „ფორტუნასთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხების დარეგულირება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით უნდა ხდებოდეს, რადგან ექსკურსიების თემა სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

„ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ექსკურსიის ორგანიზება ხდება, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ გადაადგილებას გულისხმობს და ბუნებრივია ამ გადაადგილებისას ნორმები დაცული უნდა იყოს. ერთი უშუალოდ ტრანსპორტირებასთან უნდა იყოს დაკავშირებული და მეორე ბავშვების ჯანმრთელობასთან და ფიზიკურ უსაფრთხოებასთან,“ – განაცხადა არჩილ სუმბაძემ.

 

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია რეგულირდებოდეს, როგორც სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სიჩქარე, ასევე ის, რომ გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში ექსკურსიაზე მყოფ ერთ სრულწლოვანს პირველადი დახმარების აღმოჩენა შეეძლოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივის განხილვაში და დანერგვაში ჩართულები იყვნენ უშუალო პრაქტიკოსები და არა ადამიანები, რომლებიც ამ საკითხს განყენებულად უყურებენ. არ უნდა ჩაიდოს იქ ნორმა, რომელიც იქნება უტოპიური, რადგან ამან ექსკურსიების რადიკალური შემცირება არ გამოიწვიოს”, – აცხადებს სკოლის დირექტორი.

მისი თქმით, საჯარო ღონისძიებები, სასკოლო პროგრამით განსაზღვრული მიზნების შესრულებაზე დადებითად აისახება.

„ფორტუნა“ გიმნაზია „შავნაბადას“ დირექტორს ავთანდილ აბდუშელიშვილს ესაუბრა.

„ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდება დროული და აუცილებელია.
სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ბავშვები გადაადგილდებიან, უნდა იყოს გამართული და შესაბამისად ტექინსპექტირება უნდა ჰქონდეს გავლილი. მნიშვნელოვანია ექსკურსიის დროს თანმხლები პირის ყოლა, რომელიც ან ექიმი იქნება ან პირველად სამედიცინო დახმარების კუთხით გადამზადება ექნება გავლილი,“ – განაცხადა ავთანდილ აბდუშელიშვილმა.

 

 

გიმნაზია „შავნაბადას“ სკოლის დირექტორის თქმით, ექსკურსიების დროს ძალიან ხშირად ხდება გამოუვალი სიტუაციები და ეს ცვლილებები, არასასურველი ფაქტების პრევენციისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ექსკურსიებთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებას მშობლების უმეტესობა დადებითად აფასებს და აცხადებენ, რომ ექსკურსიის დაგეგმვის დროს უმეტეს შემთხვევაში მძღოლის კეთილსინდისიერებაზე იყვნენ დამოკიდებული. მათივე განცხადებით, ძირითადი აქცენტი ექსკურსიის დაგეგმვის დროს გადასახდელ თანხაზე კეთდებოდა და კარგი იქნება, თუ აღნიშნული ცვლილებით, არა მარტო მძღოლის გამოცდილება, არამედ ის სატრანსპორტო საშუალებაც შემოწმდება, რომელითაც ბავშვების გადაყვანა უნდა მოხდეს.

 

თემაზე შეფასებები სოციალურ ქსელშიც გაკეთდა.


 

ბავშვთა უფლებათა კოდექსის საკომიტეტო მოსმენები უკვე დაწყებულია, კანონის ამოქმედების ვადა 2020 წლის ივნისია. დადგენილი რეგულაციების დარღვევა სხვადასხვა სანქციებს გამოიწვევს.

mazda magti 5g