საქართველო კიდევ ერთი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე ხდება. ჰააგაში გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა Eurojust-სთან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ორგანიზებული საერთაშორისო დანაშაულის გამოძიების პროცესში უფრო აქტიურად ითანამშრომლებს.
Eurojust-ის პრეზიდენტის ლადისლავ ჰამრანის თქმით, ამით საქართველოს საშუალება ეძლევა, პირდაპირ კავშირზე იყოს ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანასთან, 3 ქვეყნის ურთიერთობის კოორდინატორ 6 პროკურორთან და 46 ქვეყნის პროკურორების გლობალურ ქსელთან:
“თქვენ მიიღებთ უფრო ეფექტურ მხარდაჭერას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მეორე მხრივ, Eurojust-იც გაიძლიერებს საკუთარ პოზიციას როგორც გლობალური პარტნიორი საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში”.
ევროკავშირის იუსტიციების სისტემებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ამით ევროკავშირი, ქართველ პროკურორებთან და გამომძიებლებთან ერთად სისხლის სამართლის საქმეებზე იმუშავებენ:
“იქნება ეს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობით ევროკავშირის ქვეყნებში ჩადენილი დანაშაული, თუ ნებისმიერი იმ პირის მიერ ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც საქართველოს იურისდიქციის ქვეშ შეიძლება იმყოფებოდეს ან, უბრალოდ, ჩვენ შეიძლება ვფლობდეთ ამის შესახებ ინფორმაციას. ეს ხელმოწერა საშუალებას მისცემს უკვე დამოუკიდებელ და იუსტიციის სამინისტროსგან გამოყოფილ გენერალურ პროკურორს და მის ოფისს საქართველოს მხრიდან, რომ აქ, ჰააგაში, დაასახელოს თავისი წარმომადგენელი პროკურორი”.
Eurojust – ეს არის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანო სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის კუთხით.
Georgian Minister of Justice H.E. Ms Thea Tsulukiani and @Eurojust President Ladislav Hamran just signed a cooperation agreement, enabling speedy exchange of information and evidence in the fight against organized crime: https://t.co/gk50z2Hhg3 #EUProtects pic.twitter.com/UBAQfsDdJJ
— Eurojust (@Eurojust) March 29, 2019