2019 წელს დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning-ის პროექტი „საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ავსტრიის საჯარო შესყიდვების ფედერალური სააგენტო და სლოვენიის დავების განხილვის ეროვნული კომისია.
პროექტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებასა და მოდერნიზებას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ქვეყანაში ეფექტიანი, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და კონკურენტუნარიანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ჩამოყალიბებას.
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არის პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი და შესაბამისად, პროექტი ასევე ითვალისწინებს აღნიშნული უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებას.
პროექტის იმპლემენტაციის პროცესის ერთ-ერთი პირველი ღონისძიება კონფერენციაა, რომელიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადოების ინფორმირებას პროექტის მიზნების, დაგეგმილი აქტივობებისა და ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვების სფეროს რეფორმირების შესახებ.
კონფერენცია 12 აპრილს 10:00 საათზე სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ჩატარდება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის და სხვა სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოში არსებული ავსტრიის საელჩოსა და სლოვენიის საკონსულოს, ბენეფიციარი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე ბიზნესწრეების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.