საქართველოში იმ პირთა რაოდენობა გაიზარდა, რომელთა წლიური შემოსავალი მილიონ ლარს აღემატება.
შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი 2018 წელს 323-მა ფიზიკურმა პირმა მიიღო. რიცხვში ასახულია მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.
2018 წელს, წინა წელთან შედარებით, მილიონზე მეტი წლიური ანაზღაურება 57 ადამიანით მეტს უფიქსირდება.
ამასთან, ვის უფიქსირდება მილიონზე მეტი შემოსავალი მათი ვინაობა საჯარო არ არის. გამონაკლისია ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კომპანიების ხელმძღვანელობის მონაცემები.
თუმცა, მათი მილიონები ძირითადად მათთვის გადაცემული კომპანიების აქციების ხარჯზეა. მაგალითად, ცნობილია, რომ გასულ წელს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის ანაზღაურება 3.3 მილიონ დოლარს შეადგენდა. აქედან 475 000 ფულადი ანაზღაურება იყო, დანარჩენი აქციების სახით გაცემული ბონუსია. მისი მოადგილის, გიორგი შაგიძის წლიური შემოსავალი კი 1.71 მლნ დოლარი იყო. 3.13 მლნ დოლარი მიიღო „საქართველოს ბანკის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ, ამ შემთხვევაშიც უდიდესი წილი აქციებზე მოდის. „საქართველოს კაპიტალი“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ირაკლი გილაურის 2018 წლის სახელფასო შემოსავალი კი, 4.06 მილიონ დოლარს შეადგენდა. გილაურს ფულადი ანაზღაურება გასულ წელს არ მიუღია. ინფორმაცია მათი შემოსავლების შესახებ აღნიშნული კომპანიების წლიურ ანგარიშებშია ასახული.