საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი თბილისის მეტროპოლიტენში გახშირებულ ტექნიკურ შეფერხებებს სოციალური ქსელით ეხმაურება.
დღეს მეტრო კვლავ გაჩერდა, ვინ მოთვლის მერამდენედ. ან მოკლე ჩართვაა, ან კაბელები ზიანდება, ან რელსების პრობლემაა, ან წყალი ჩამოდის, ან ხიდებზე ბზარები ჩნდება, ან ესკალატორები ითიშება….
ჰოდა, როცა დედაქალაქში მეტრო პრაქტიკულად აღარ გვაქვს, რა მიწისზედა მეტროზე საუბრობთ მერიაში?! რა სამგორი-ლილოს მიმართულება უნდა გააკეთოთ?! ან ვინ გითხრათ, რომ სამგორი-ლილოს მიმართულების განვითარებაა პრიორიტეტი ქალაქისთვის და არა დიდი დიღმის! თავზე დაგვენგრა რაც არის ის. პირდაპირი გაგებით ჩამოშლილია მეტრო. ხალხი მგზავრობს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად! უკვე დაგავიწყდათ ვარკეთილის მეტროში ჩამონგრეული ჭერი და დასისხლიანებული ხალხი?!
მიწისზედა მეტროს 90 მილიონი დოლარით, მოახდინეთ არსებულის რეაბილიტაცია!!! ვინმე დარჩით ტრანსპორტის სამსახურში, ვინც საღად აფასებთ შექმნილ კრიზისულ ვითარებას?! რას ატყუებთ ამ ხალხს რომ მეტრო უსაფრთხოა. ყოველდღე, მეტროს ავარიული გაჩერება უსაფრთხოებაა? ხვდებით რომ შეიძლება ადამიანები შეეწირნონ თქვენს გულგრილობას?! – წერს დავით მესხიშვილი