გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია(FAO) საქართველოში მეღორეობისა და ტრადიციული შებოლილი ლორის წარმოების მხარდასაჭერად, რაჭა–ლეჩხუმში საპილოტე პროექტს იწყებს.
FAO-ს წარმომადგენლობა საქართველოში რაჭა-ლეჩხუმში საღორე მეურნეობების მოდერნიზაციისა და შებოლილი ლორის წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად საგრანტო პროგრამას აცხადებს.
ფინანსური დახმარება ხელმისაწვდომია ადგილობრივი ფერმერებისთვის და მოიცავს აღნიშნულ სფეროში ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ გადამზადებას. პროექტი ხორციელდება ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობით, რომელშიც ჩართულნი არიან ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ფერმერები.
ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა FAO-ს ანგარიშის საფუძველზე, რეგიონში სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების შეფასების შემდგომ, მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას სოფლის განვითარების პროცესში, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რესურსების შეთავაზებისა და წახალისების სქემას, სოფლის მეურნეობის, ეკოტურიზმისა და სხვა ტიპის ადგილობრივი ბიზნესის გასაძლიერებლად.
FAO-ს პროექტების მენეჯერის, ბექა ძაძამიას თქმით, რაჭა-ლეჩხუმში დარეგისტრირებული ყველა ფერმერს და კოოპერატივს შეუძლია განაცხადის შეტანა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით.
„ჩვენ მხედველობაში მივიღებთ ყველა განაცხადს; მეღორეობისა და ხორცის წარმოებაში გამოცდილების ქონა და მინიმუმ ორი ღორის ყოლა საკმარისი კრიტერიუმია მონაწილეობისთვის“.
პროექტი ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის(ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) მეშვეობით.