LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირობები, რომლითაც კომპანიები ჩაის პროგრამაში ჩაერთვებიან

257

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტირების პროგრამა ”ქართული ჩაი” დაიწყო.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების  პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ  შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად,  თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

მათი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების  რეაბილიტაცია.

ჩაის  პლანტაციების რეაბილიტაციისთვის  დაფინანსებას  მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივები. პლანტაციების რეაბილიტაციისათვის თანადაფინანსება იქნება:

კერძო  საკუთრებაში  არსებული  პლანტაციების  შემთხვევაში: იურიდიული პირებისათვის (გარდა  სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივებისა)

  • რეაბილიტაციის  სამუშაოების ღირებულების 60%.
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80%.

სახელმწიფოს  საკუთრებაში  არსებული  (იჯარით  გაცემული) პლანტაციების  შემთხვევაში: 

  • იურიდიული პირებისათვის (გარდა  სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივებისა) – რეაბილიტაციის  სამუშაოების  ღირებულების  70%.
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 90%.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშვებისთვის საწარმოო  მანქანა-დანადგარებს,  მოწყობილობებსა  და  ინვენტარს.

”პროგრამის  ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებია  გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის,  რაც საქართველოში კოოპერაციის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ჩაის პლანტაციების რეაბილიტირების პროგრამა  რამდენიმე ეტაპიანია. პროგრამის ფარგლებში სოფლის  მეურნეობის პროექტების მართვის  სააგენტო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, პროგრამის ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმარებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიების  შესწავლის, სერტიფიცირების, მარკეტინგის, სარეალიზაციო არხების შექმნის და სხვა მიმართულებით გაუწევს”, – განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები