„მესისთვის საჯარიმო დარტყმა პენალტივითაა“ – დაწერა ცოტა ხნის წინ ლა ლიგის ოფიციალურმა ექაუნთმა. ამაში ბოლოს „ლივერპულის“ მეკარე ალისონი დარწმუნდა, რომელსაც ლეომ „ბარსაში“ მე-600 გოლი გაუტანა.
ახლა მესის 8 გოლი აქვს ჯარიმიდან შეგდებული ამ სეზონში. სულ კი 42 ჯარიმა გაიტანა „ბარსას“ მაისურით.
წლევანდელ ჩემპიონატში ლეოს 6 ჯარიმა დაუგროვდა. ასეთი რამ ტოპ 5 ლიგაში მინიმუმ 2006/07 წლების სეზონიდან არ ყოფილა.
გარდა ამისა, მესის გააქვს „ბარსელონას“ ყველა გოლი საჯარიმოდან ბოლო ორი სეზონია.
კარიერის სტარტზე მესის დიდად არ ანდობდნენ საჯარიმო დარტყმებს. 2004-დან 2008 წლამდე არცერთი საჯარიმო არ გაუტანია ხსენებული 42 გოლიდან.
გატანილი ჯარიმები ტოპ 5 ლიგაში
ბოლო 5 სეზონი
მესი – 20
მირალემ პიანიჩი – 11
პაულო დიბალა – 9
დანი პარეხო – 9
რონალდო – 4
ერთხელ მესის ჯარიმას თვით დიეგო მარადონა ასწავლიდა.
„არ მოაშორო ბურთს ფეხი ასე სწრაფად, თორემ ის ვერ გაიგებს რა გინდა“, – უთხრა დიეგომ და ზუსტად ჩასვა კუთხეში ბურთი. მესი აღფრთოვანდა.
გატანილი ჯარიმები ტოპ 5 ლიგაში
2011/12 წლების სეზონიდან მოყოლებული
იუვენტუსი – 29
მესი – 27
რეალი – 24
Marca მიიჩნევს, რომ მესის დაეხმარა ცოცხალი კედლის დაყენებისას სპრეის გამოჩენა. ახლა ლეომ იცის რა მანძილია კედლამდე.
მესი ამბობს, რომ ბევრჯერ დარჩენილა ვარჯიშის შემდეგ ჯარიმებზე სავარჯიშოდ. კიდევ უთქვამს, რომ ჯარიმის დარტყმა პენალტზე მეტად უმარტივდება, რადგან ასეთ დროს ზეწოლა ნაკლებია.
ახლა ამ ბიჭის ყველა დარტყმული ბადეში მიდის.
მესის ორი ჯადოსნური ჯარიმა თბილისში აქვს გატანილი, ქართველი პუბლიკის წინაშე.