”კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” საკუთარი პროდუქციის სადისტრიბუციო ფასი გაზარდა, რამაც სამომხმარებლო ფასის ზრდაც გამოიწვია. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ფინანსურმა მენეჯერმა გოგა ახალაძემ განუცხადა, 2016 წელს სასმელის საშუალო გაძვირებამ 8% შეადგინა.
”აღნიშნული მაჩვენებელი თეთრებში რომ დავიანგარიშოთ, 1 ბოთლი მომხმარებელს საშუალოდ 10 თეთრით გაუძვირდა. თუმცა, მიმდინარე წელს პროდუქციის მეტად გაძვირება აღარ იგეგმება და თუ სამომავლოდაც, სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდა, ვგულისხმობ ეროვნულ ვალუტას, ფასებს არც მომავალ წლებში გავზრდით”, – განმარტა ახალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ”კოკა-კოლას” პროდუქციის გაძვირება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. მათ შორის იმას, რომ კომპანიას საკმაოდ მაღალი სავალუტო რისკი აქვს.
”კონცენტრატებს, შაქარს- მოკლედ ყველაფერს ვყიდულობთ დოლარში. შესაბამისად, ლარის გაუფასურების გამო საკმაოდ დიდი ზარალი ვნახეთ გასულ წელს. შესაბამისად, იძულებულები გავხდით წელს სადისტრიბუციო ფასები გაგვეზარდა”, – განმარტა ”კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ფინანსურმა მენეჯრემა.