ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირებაა. როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ერთმანეთს სიტყვიერად კომისიის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები დაუპირისპირდნენ.
როგორც ერთ-ერთი დამკვირვებელი აცხადებს, ბეჭედდარტყმული ბიულეტენი, საკონტროლო ფურცელი არ იყო საარჩევნო ყუთში ჩაგდებული, როდესაც პირველ ამომრჩეველს ბიულეტენი მისცეს.
ეს სწორედ ის უბანია, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა უნდა მისცეს ხმა.
უბანზე საარჩევნო პროცესი დაახლოებით, 4 წუთის დაგვიანებით გაიხსნა.
82-ე უბანზე არსებული დამკვირვებლების ნაწილი უბანზე ხმის მიცემის შეწყვეტას ითხოვს.
ამ დროისთვის უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეწყვეტილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი უკვე დაიწყო.
არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე იმართება
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები - საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება ხუთ მუნიციპალიტეტში, ესენია: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კი საკრებულოების შუალედური არჩევნებია.