აჭარელ მიმტანებს ტრენინგები გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტმა ჩაუტარა.
როგორც ”ფორტუნას” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, დეპარტამენტის სატრენინგო ცენტრში 30-წლიანი გამოცდილება ექსპერტმა ჰანს ულიხტროსიენმა კვებისა და განთავსების ობიექტებში დასაქმებულ მიმტანებს გაუზიარა.
უწყების ცნობით, სემინარზე განიხილეს ტურიზმის ბიზნესში სტუმრებთან მომსახურების ძირითადი პრინციპები, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, სტუმრის კმაყოფილების დონის განსაზღვრა და სხვა ძირითადი სტანდარტები.
ტრენინგი აჭარაში მოქმედ ტურისტულ ობიექტებში დასაქმებულმა 25-მა მიმტანმა გაიარა.
“დეპარტამენტის სატრენინგო ცენტრი უფასო ტრენინგებს ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ კადრებს ყოველკვირეულად სთავაზობს. ტრენინგების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ნახლდება ვებ გვერდზე www.Recommend.ge. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია დარგში არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, კერძო სექტორის წარმომადგენელმაც მიმართოს ცენტრს კონსულტაციის ან სასურველი ტრენინგის ინიციატივით,” – განაცხადეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.
