შრომის ბაზრის სტრატეგიაში გამოიკვეთა სუსტი წერტილები და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა“ მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
„გამოიკვეთა სუსტი წერტილები, თუ რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაკმაყოფილდნენ სამუშაოს მაძიებლები. ეს ფაქტორები არის ის, რომ ხშირად დამსაქმებლისთვის კვალიფიკაცია არასაკმარისია. გამოიკვეთა მოთხოვნადი პროფესიები და მთავრობას აქვს გეგმა, თუ როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს გადამზადდნენ, შეიძინონ ახალი პროფესიები და გახდნენ მოთხოვნადები ბაზარზე. ამასთან, დავეხმაროთ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში“ – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე ინფორმაციით, მოთხოვნად პროფესიებში შედის 52 პროფესია, რომელიც ფართო სპექტრისა, მოიცავს სერვისის მიწოდებას და ფინანსურ აღრიცხვას.
„თვითონ სტრუქტურა საკმაოდ რთულია, თუმცა, პირველი ის, რომ უტყუარად ვიცით, რა არის მოთხოვნადი პროფესიები. შეიქმნა მოდულები ამ პროფესიების მიმართულებით გადამზადებაში. შეიქმნა ინსტრუნეტები, რომლითაც ჩვენ პრაქტიკულად აღმოვაჩენთ ამ პროფესიაში გადამზადების მსურველებს, გადავამზადებთ და დავეხმარებით, რომ იმ დამსაქმებელმა, რომელმაც მოგვაწოდა მოთხოვნა ამ პროფესიებზე, ჩართული იყოს გადამზადების პროცესში. ანუ მაქისმალური შანსი მიეცეთა სამუშაოს მაძიებლებს, რომ გახდნენ მოთხოვნადები ბაზარზე და მარტივად დაიწყონ მუშაობა“ – განაცხადა სერგეენკომ.
