LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგად მახსოვს ის სიხარულის ცრემლები” – სოფო ნიჟარაძის ახალი დუეტის რადიოპრემიერა

19
sofonijaradzegvinoduduki19

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები” მომღერალი სოფო ნიჟარაძე ახალი დუეტის პრემიერით სტუმრობდა. „ძველი ჰანგი” ასეთია სიმღერის სახელწოდება, რომლის ახალი ვერსიის ავტორი ზვიად ბოლქვაძეა. „მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონის გამარჯვებულ გიორგი კელაპტრიშვილის და სოფო ნიჟარაძის ერთობლივ ნამუშევარზე უკვე ვიდეორგოლიც ხელმისაწვდომია.

როგორ უმკლავდები ამ დატვირთულ გრაფიკს? ეს ალბათ ძალიან დიდი სიყვარულის ამბავია და საქმისადმი ძალიან დიდი ერთგულების…

დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი საქმე, ამისთვის ვარ და ვერც წარმომიდგენია სხვა რამის კეთება. ხანდახან მიფიქრია, რომ რთულ პროფესიაში შევყავი ფეხი,  რომ არა მომღერალი, ხომ ვიქნებოდი ჩემთვის წყნარად ექიმი. ექიმი იმიტომ, რომ  ექიმების ოჯახიდან ვარ. ისიც მიფიქრია, მე იმდენად შარიანი ვარ, იქაც რაღაც პრობლემა მექნებოდა, ასე რომ წყნარად ვერც ერთ პროფესიაში  ვიქნებოდი. ამიტომ ბედნიერი ვარ იმით, სადაც ახლა ვარ. გადატვირთული გრაფიკი კი მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა მაინც მოვედი თქვენთან, თანაც ფეხით, მანქანა გაფუჭებული მყავს, თქვენამდე მოსასვლელ გზაზე კი ფეხით დაახლოებით 15 წუთი ვიარე.  გავერთე იმიტომ, რომ ლაივ ჩართვა მქონდა. დავაანონსე ისიც, რომ დღეს ეთერში პრემიერა გვექნებოდა და  გარდა ამისა ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრებდით.

უზარმაზარი გამოცდილება მუსიკალურ თეატრში, საზღვარგარეთ…

პირველი იყო „ჩხიკვთა ქორწილი“, „რომეო და ჯულიეტა“, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ და შემდეგ უკვე 2008 წელს ამიყვანეს სტანისლავსკის თეატრში და ოპერეტის თეატრში. იქ ახალი ვიყავი  პრემიერების კეთების პროცესში, როდესაც „გრაფ მონტე კრისტოში“ ვალენტინა ვითამაშე. მაშინ პატარა გოგოს როლი მქონდა და მერსედესზეც მოვიაზრებოდი იმიტომ, რომ მერსედესი ასაკობრივად უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. აი ახლა უკვე შემეფერება, მაგრამ უკან ვერ დავბრუნდები. თეატრიდან წამოვედი, ამაზე ბევრი მისაუბრია. დავტოვე ყველაფერი და წამოვედი, თუმცა რა თქმა უნდა, მოსკოვში მივიღე  მუსიკალური თეატრების გამოცდილება. ყველაფერი იქ დაიწყო,  განათლებაც იქ მივიღე და აქ გავაგრძელე მოღვაწეობა. დარწმუნებული ვარ ახალ თეატრში რომ გადავალთ, იქაც ბევრი ახალი   რეპერტუარი შეემატება და საინტერესო სპექტაკლები იქნება,  როგორც მუსიკალური ისე არა მუსიკალური. მაგრამ სინამდვილეში მუსიკალური სპექტაკლის გემო რომ გავიგე დიდ სცენაზე „რომეო და ჯულიეტაში“, მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რომელიც ძალიან ძალიან მინდოდა, რომ მეკეთებინა. რომ ამბობენ სცენის მტვერიო, პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ 16 წლის ასაკში ეს ყველაფერი, რომ შევიგრძენი, იმის შემდეგ ამ საქმისთვის თავი არ დამინებებია და არც ძალები დამიშურებია.

მახსოვს „რომეო და ჯულიეტაში” შენი მთავარი როლი და ძალიან დადებითი რეცენზიები…

იყო სამი ჯგუფი,  საპრემიერო კასტი ბოლომდე არ იყო ცნობილი, იყო ერთი კასტი, რომელიც უფრო ხშირად რეპეტიციობდა და მუდმივად იდგა სცენაზე, მეორე შემცვლელი და მესამე რეზერვი. პირველში კი ვიყავი, მაგრამ ეს მაინც არ იყო იმის გარანტი, რომ საპრემიერო ჯგუფში იქნებოდი. ბოლომდე ველოდებოდი, შიში მქონდა, ჩემი გვარიც არ მიწყობდა ხელს, შემდეგ როდესაც დავმეგობრდი ადამიანებთან, აღიარეს რომ იდგა ეს პრობლემა, რუსეთში, მოსკოვში, ამხელა მიუზიკლის პრემიერა ტარდებოდა და მთავარი როლი თან პირველ რგოლში ქართველს უნდა ეთამაშა. როგორც მოგეხსენებათ,   ყველაზე მთავარი საპრემიერო დღეა, როდესაც ჟურნალისტები, ტელევიზიები მოდიან და მეორე დღეს შეიძლება თავბრუდამხვევი პოპულარობა დაგატყდეს თავს, მითუმეტეს როდესაც 16-17 წლის ბავშვი ხარ, ორმაგად განიცდი ამ ყველაფერს.  კარგად მახსოვს ის სიხარულის ცრემლები, როცა საპრემიერო დღეს მომიწია სპექტაკლში მონაწილეობა.

ჩვენს სპექტაკლზე რისი თქმა შეგიძლია, რომელიც დათო დოიაშვილმა ასეთ მოწოდების სიმაღლეზე დადგა?

არც ერთ სპექტაკლში, სადაც მითამაშია,  ამდენი სიხალისე, ამდენი სიცილი და ამდენი იუმორი არ ყოფილა. ამ მხრივ ძალიან განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ხალხი ზუსტად ამისთვის მოდის. როცა მაყურებლის მომღიმარ სახეებს ვხედავთ, ეს არის ჩვენთვისაც დიდი ბედნიერება.  ამ სპექტაკლზე მოდიან სიამოვნების მისაღებად და დასასვენებლად. ემოცია კი  მთელი კვირის განმავლობაში გაყვებათ ხოლმე, ამ ყველაფერს კი მე მწერენ პირად შეტყობინებებში. ყველას აქვს მეორედ დასწრების სურვილი, მაგრამ ბილეთები არ იშოვება. ახალ თეატრში როდესაც გადავალთ, უფრო ბევრ ადამიანს ექნება ამ სპექტაკლით სიამოვნების მიღების საშუალება.  კარგად მახსოვს ჩემი პირველი დღე თეატრში, სადაც ტრადიციისამებრ შამპანურებით გამწუწეთ, საოცარი დახვედრა იყო ნამდვილად და შემდეგ ამ ალკოჰოლის სუნში გავაგრძელეთ რეპეტიცია.

რომელი სიმღერის პრემიერა უნდა შედგეს დღეს რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში და რა შეგიძლია შენს პარტნიორზე თქვა?

გიორგი კელაპტრიშვილი პირველივე გამოჩენისთანავე განსაკუთრებით მომეწონა. კასტინგის დღეს გულმა მიგრძნო, რომ  პროექტში „მხოლოდ ქართული“ ამ ბიჭს მომავალი ექნებოდა. ჩემი ოქროს ღილაკით კი ლაივ კონცერტებზე გავისტუმრე პირდაპირ. იქ კი რაც მოხდა, ყველამ კარგად იცის, ხალხმა საოცრად შეიყვარა მისი ლამაზი და ჯადოსნური ხმა და გამარჯვებულის ტიტულიც მიიღო. ამ  სიმღერის ჩაწერა სიმბოლურიც კი იყო, რადგან გიორგი კონკურსზე ამ სიმღერით მოვიდა და გიტარის თანხლებით შეასრულა. შემდეგ დასკვნით კონცერტზეც ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილი ამ სიმღერის სხვა ვერსია იმღერა, ახლა კი მეორე მაესტრომ ზვიად ბოლქვაძემ გაგვიკეთა ჩვენებური ვერსია,  კოლაბორაცია შედგა. მე ძალიან მიყვარს ეს  ნოდარ გიგაურის ფანტასტიკური სიმღერა,  ტექსტი დოდო გვიშიანს ეკუთვნის, „ბრავო რექორდსში“ ჩავწერეთ, ნიკა ლომიძემ გადაიღო ვიდეორგოლი, რომელიც ძალიან სწრაფად ფაქტობრივად რამდენიმე საათში გადავიღეთ, რადგან გვეჩქარებოდა ამ სიმღერის გამოშვება, სანამ „მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონი დაიწყება. მადლობა მინდა გადავუხადო ნიკა გვარამიას პროექტისთვის და ნიკა გაბუნიას. ის ფაქტობრივად ამ სიმღერაში ჩემი პროდიუსერი აღმოჩნდა. მადლობა დათუნა სულიკაშვილს, რომელმაც ჩვენს ჩაცმულობაზე იზრუნა. ჩვენ მინიმალიზმზე გვქონდა აქცენტი, გვინდოდა, რომ გამორჩეული და სადა გამოსულიყო, რაც მგონია, რომ გამოგვივიდა.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის…  

 

სოფო ნიჟარაძე & გიორგი კელაპტრიშვილი – ძველი ჰანგი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

სოფო ნიჟარაძე – ნაზი ხარ. მიუზიკლიდან “ქეთო და კოტე”. Live

 

სოფო ნიჟარაძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები