თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მე-11 ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმი, სახელწოდებით „ძლიერი ეკონომიკა – ძლიერი ქალაქი“ ტარდება.
ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა. ფორუმი მოიცავს ურბანული განვითარების თემატიკას და იმ თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში აქტიურად განიხილება. ფორუმის პირველი სესია ქალაქის განვითარების სტრატეგიას მიეძღვნა და მსჯელობა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით წარიმართა.
კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის სწორად განვითარება ახალი გენერალური გეგმის საფუძველზე უნდა მოხდეს. ამ მიზნით, დედაქალაქის მერი ექსპერტების ჩართულობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარებას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
„დღეს აქ, ფორუმზე იმყოფებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესსექტორის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან, რომ ჩვენ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს ხალხს აწუხებს. ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის შეფასება ურბანული განვითარების ერთიანი კონტექსტის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ეს ღონისძიება სწორედ ურბანულ საკითხებზე ორიენტირებული სესიით იხსნება, რომელიც მიეძღვნება ურბანული განვითარების სტრატეგიას. თბილისს უდავოდ აქვს დიდი ეკონომიკური პოტენციალი, თუმცა იმისათვის, რომ ეს სწორად ათვისებული იყოს, საჭიროა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების სიმრავლე და წარმატებული გამოცდილების გაზიარება. მსგავსი ფორუმები ამას ხელს უწყობს. ეკონომიკური განვითარების საწინდარია, ასევე, საჯარო და კერძო სექტორს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მოდელების შემუშავება, რასაც აქ განვიხილავთ. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი მაგალითი გვაქვს, თუ როგორ შეიძლება კერძო და საჯარო სექტორი ერთობლივად მუშაობდეს და აკეთებდეს ქალაქისთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. აქ მყოფი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ, რამდენი საინტერესო პროექტი იქნა განხორციელებული ერთიანი ძალისხმევით.
დედაქალაქის მერია არის აბსოლუტურად ღია, გახსნილი იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ყველას გვაწუხებს. არავის სიამოვნებს, თუ როგორ განვითარდა ჩვენი ქალაქი ბოლო 20-25 წლის განმავლობაში. ურბანული განვითარებით ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები და ამას მოწესრიგება სჭირდება. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მიღებული გვაქვს გენერალური გეგმა, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტია და ქალაქის სწორად განვითარება მასზე დაფუძნებით უნდა მოხდეს. მესმის, რომ რაც დავაზიანეთ და გაფუჭდა, ამის ახლა გამოსწორება რთულია, მაგრამ მთავარია, წინ სწორად წავიდეთ და მომავალში შეცდომები აღარ დავუშვათ. ამიტომ, ექსპერტების ჩართულობა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ თუნდაც ურბანული, სატრანსპორტო პოლიტიკის, ეკოლოგიის მიმართულებით, რომ არსებული მდგომარეობა გამოვასწოროთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ფორუმის მონაწილეებს ასევე მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა წარმომადგენელმა კავკასიაში კატერინა ბიორლინ ჰანსენმა, აზიის განვითარების ბანკის მისიის დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარიმ და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა
სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურამ მიმართეს.
ფორუმში მონაწილეობენ დარგის მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები, სპიკერები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.