LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის დევალვაციის გამო ”გურჯაანის ნაყინი” გაძვირდა

509

”გურჯაანის ნაყინი” მომხმარებელს ახალ პროდუქციას შესთავაზებს. ნაყინის მწარმოებელი კომპანია  2 სახეობის ნაყინზე მუშაობს, რომელიც ბაზარზე დაახლოებით ერთ თვეში გამოჩნდება.

როგორც ”ფორტუნას” ”გურჯაანის ნაყინის” გენერალურმა დირექტორმა გურამ ბერიკაშვილმა განუცხადა, ნაყინის ახალ სახეობებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

”ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ  2 ახალ სახეობაზე, როგორც მრავალპორციან, ისე საცალო ნაყინში.  თუმცა, ჯერჯერობით პროდუქციისთვის სახელი შერჩეული არ გვაქვს”, – აღნიშნა ბერიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ნაყინის სეზონი რამდენიმე დღეა დაიწყო და საქართველოს მასშტაბით არსებული მაღაზიები უკვე მოამარაგა, თუმცა გაყიდვებით უკმაყოფილოა, რასაც უამინდობას უკავშირებს.

რაც შეეხება ნაყინის ფასებს, როგორც გურამ ბერიკაშვილმა განმარტა, ლარის დევალვაციის გამო ”გურჯაანის ნაყინი” იძულებული გახდა პროდუქციაზე ფასები გაეზარდა.

”ვერ ვიტყვი რომ ბევრით, თუმცა ნაყინი 5-10 თეთრით გავაძვირეთ. არის პროდუქცია, რომელზეც მანამდე არსებული ტარიფი შევინარჩუნეთ, ზოგი კი უმნიშვნელოდ გავაძვირეთ.  ყველაზე მეტად ე.წ ჭიქის ნაყინი გაძვირდა, მასზე ფასმა 10 თეთრით მოიმატა”, – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

შპს „აისი“ – იგივე „გურჯაანის ნაყინი“  რამდენიმე ათეული წელია ნაყინის წარმოებითაა დაკავებული. ამ ეტაპზე კომპანია 20-22 დასახელების ნაყინს აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g